Wednesday, December 12, 2012

„რადიკალი“ ლე მანის პროტოტიპის მსგავს სუპერს გამოუშვებს


Radical to Launch Le Mans-Inspired Racing Car for the Road
12 დეკემბერი
ბრიტანული კომპანია „რადიკალი“ ბევრისთვის უცნობია, მაგრამ არა მათთვის, ვინც ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე წრის გავლის დროებს აქცევს ყურადღებას. იქ ღია SR8-ს წრე 6 წუთსა და 55 წამში აქვს გავლილი. უფრო მეტიც, ამ ავტომობილის საგზაო ვერსია LM-მა ამ დროს კიდევ 7 წამი მოაკლო, რაც საგზაო ავტომობილებისთვის ყველა დროის რეკორდია.

მაგრამ „რადიკალს“ ეს არ აკმაყოფილებს. მის მესვეურებს რაღაც ახლის, უფრო სრულყოფილი ავტომობილის შექმნა უნდათ, რომლითაც უფრო მეტი მყიდველის მიზიდვას შეძლებენ. მათ ახალ ავტომობილს სახელად RXC (რადიკალ Xტრიმ კუპე) უწოდეს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ იქნება. რა თქმა უნდა, ავტომობილი შუაძრავიანი უნდა იყოს. ძრავი „ფორდისაა“ – 3.7-ლიტრიანი V6, რომელიც 380 ცხენის ძალას და 433 ნიუტონმეტრს იძლევა.
სუპერ ავტომობილისთვის ბევრი არაა, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ RXC-ის წონა დაახლოებით 900 კილოგრამი იქნება, ანუ ყოველი პირობითი ტონის გადაადგილებას 420 ცხენის ძალა მოხმარდება. ეს კი უკვე სუპერების დონეა. ძრავს 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება, რომლის საფეხურებსაც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით შეცვლიან.
„რადიკალი“ RXC-ის საგზაო და სარბოლ ვერსიებს შექმნის. საგზაოს ვარიანტში, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას ის 3 წამზე ნაკლებში შეძლებს. სარბოლი ვერსიის ტემპერამენტი კიდევ უკეთესი იქნება. თუმცა, ჯერჯერობით ცნბილი არაა მისი აგრეგატის მონაცემები.
RXC „რადიკალის“ ყველაზე ზორბა ავტომობილი იქნება. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4300 მილიმეტრი, სიგანე 1960 მილიმეტრი, სიმაღლე 1270 მილიმეტრი. ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის მილებისგანაა შეკრული, რომელზეც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარის (მოსახსნელი) ელემენტები მაგრდება. ძარა სარბოლი პროტოტიპის მსგავსია და შესაბამისი აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა უკანა ზორბა ანტი ფრთა და დიფუზორი, ასევე წინა სპლიტერი და სხვა.
ოთხივე საკიდარი დამოუკიდებელია და მზიდ ელემენტს A-ტიპის წყვილი ბერკეტებით უკავშირდება. კარები თოლიას ფრთის სტილში იღება - მათ სამაგრები სახურავზე აქვთ და სახურავის დიდ ნაწილსაც მოიცავენ. საჭის მექანიზმს გამაძლიერებელი ემსახურება. საჭე და სატერფულების კვანძი რეგულირებადია. მუხრუჭებს წინ 330-მილიმეტრიანი, უკან კი 310-მილიმეტრიანი დისკოები აქვს, რომლებსაც ექვსცილინდრიანი დამჭერები ემსახურება. სარბოლ ვერსიაზე კარბონის მუხრუჭებს დააყენებენ. ასეთივე მუხრუჭებს საგზაო ვერსიის მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. RXC 17-დუიმიან ბორბლებზე დადგება.
RXC-ის საგზაო ვერსიის გაყიდვებს „რადიკალი“ ზაფხულში დაიწყებს, სარბოლ ავტომობილს კი პირველად ბირმინგემის „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე წარადგენს, რომელიც 10 იანვარს დაიწყება. საგზაო RXC-ის საბაზო ღირებულება 89 500 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

No comments:

Post a Comment