Monday, December 17, 2012

„ლოტუსმა“ გროჟანს კონტრაქტი გაუგრძელა


Romain Grosjean will stay at Lotus for 2013 F1 season
17 დეკემბერი
რომენ გროჟანი „ლოტუსში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. ბანგკოკში, ჩემპიონთა რბოლაში გამარჯვების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანულმა გუნდმა მასთან კონტრაქტი გააგრძელა.

ფრანგი მრბოლის დებიუტი ფ1-ში 2009 წელს შედგა. სეზონის ნახევარი მან „რენოში“ გაატარა, შემდეგ ორ სეზონში კი სერია გრანპრი2-ში იასპარეზა და შარშან ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მანვე შარშან გრანპრი2-ის აზიური ჩემპიონატიც მოიგო. გასული სეზონის დასაწყისში კი „ლოტუსში“ (ყოფილ რენოში) აიყვანეს.
ფ1-ში გატარებული პირველი სრული სეზონი რთული გამოდგა, თუმცა მისი მსვლელობისას, გროჟანმა შესაშური მონაცემები გამოავლინა. სამჯერ კვარცხლბეკზეც ავიდა, თუმცა კრიტიკაც ბევრი დაიმსახურა. ამის მიზეზი კი ხშირი ავარიები გახდა, რომელთა გამომწვევიც მიზეზიც გროჟანის შეცდომები ხდებოდა. ბელგიაში მომხდარი ავარია კი შეიძლებოდა ფატალურიც კი ყოფილიყო. ბედად, ამ ავარიაში არავინ დაშავებულა, ფრანგი კი ერთრბოლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
„ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ „ლოტუსში“ დარჩენის საშუალება მეძლევა. შესანიშნავია, როდესაც გუნდისგან მხარდაჭერას გრძნობ. ახლა ჩემი ჯერია, რომ მათი ნდობა გავამართლო. ფ1-ში გატარებულმა პირველმა სრულმა სეზონმა ბევრი რამ მასწავლა და ახლა ამ ყველაფრის გამოყენების ჯერი დგება. დროა, სტაბილურად კარგი შედეგები ვაჩვენო. გუნდი ბევრ სიახლეს ამზადებს და მიხარია, რომ მათი გამოყენების საშუალება მომეცემა“, - განაცხადა გროჟანმა, ვინც ჩემპიონთა რბოლაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელსაც აჯობა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერსაც.
ამგვარად, ვაკანსიები მხოლოდ სამ გუნდში - „კატერჰემში“, „მარუსიასა“ და „ფორს ინდიაშიღა“ რჩება.

No comments:

Post a Comment