Wednesday, November 21, 2012

„მაკლარენი“ ფორმულა E-ს ტექნიკას დაამზადებს

McLaren to build Formula E racers

21 ნოემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ფორმულა E-ს სარბოლი ელექტრომობილებისთვის, ძრავებს, ტრანსმისიებს და ელექტრონულ მოწყობილობებს დაამზადებს. როგორც ცნობილია, FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) 2014 წელს ღიაბორბლიანი სარბოლი ელექტრომობილების (ფორმულა E) პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.
ახალი სარბოლი სერიის პოპულარიზაციისთვის, მისი ეტაპები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ქუჩებში ჩატარდება. ამას ხელს სარბოლი ელექტრომობილების უხმაურობაც შეუწყობს. ამასთან, ისეთი ავტორიტეტული კომპანიის მონაწილეობა, როგორიც „მაკლარენია“, ახალ ჩემპიონატს ავტორიტეტს სწრაფად მოუპოვებს.
ახალი სარბოლი სერიისთვის ელექტრომობილების წარმოების საქმეში, „მაკლარენს“ პარტნიორობას კომპანია „სპარკ რეისინგ ტექნოლოჯი“ (SRT) გაუწევს. ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ და დაამზადებენ 42 ცალ ელექტრულ ფორმულას, რომლებზე შეკვეთაც უკვე მიიღეს „ფორმულა E ჰოლდინგსისგან“ (ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორია).
ჩემპიონატში სულ 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2-2 მანქანას გამოიყვანენ. მომავალში გუნდების რიცხვი 12-ს მიაღწევს. სარბოლი ელექტრომობილების მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს გასცდება. რბოლების ხანგრძლივობა 1 საათი იქნება, რომლის დროსაც, პილოტები ორჯერ გამოიცვლიან მანქანებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ელემენტების ტევადობა მთელ რბოლას ვერ ეყოფა.
ამ ეტაპზე, რიო დე ჟანეირუს უკვე ოფიციალური განაცხადი აქვს შეტანილი, რათა ჩემპიონატის ერთ ეტაპს უმასპინძლოს. გარდა ამისა, რბოლების ჩატარების სურვილი აშშ-ს, მექსიკას, ინდოეთსა და მონაკოსაც აქვთ. ჯერჯერობით დადგენილი არაა, პირველ სეზონში რამდენი ეტაპი ჩატარდება.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ფორმულა E მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ელექტრომობილების ტექნოლოგიების სრულყოფა-განვითარებაში. ახალი სერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა. ამასთან, რბოლები ელექტრომობილების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment