Wednesday, November 21, 2012

სერხიო პერესი: კრიტიკოსებს მომავალ სეზონში გავაჩუმებ

Sergio Perez: I can't silence critics until 2013

21 ნოემბერი
სერხიო პერესი ამბობს, რომ არ შეუძლია მისი მისამართით აგორებული კრიტიკის ტალღის გაჩუმება მანამ, სანამ ახალი სეზონი დაიწყება და „მაკლარენის“ ბოლიდით ასპარეზობის საშუალება მიეცემა. ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პერესი არაა ის პილოტი, ვინც „მაკლარენში“ ლუის ჰამილტონის სრულფასოვნად ჩანაცვლებას შეძლებს.
ამ კრიტიკას კი თავისი მიზეზი აქვს - მას შემდეგ, რაც „მაკლარენთან“ კონტრაქტი გააფორმა, პერესს ერთი ქულაც არ აუღია. თანაც, რამდენიმე შეცდომაც მოუვიდა. მისი ახალი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონიც დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონის დასაწყისში, პერესს გაუჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, ჩეკო კონკურენტუნარიანი იქნება, მაგრამ თავიდან მისგან მოწინავეთა შორის ყოფნას არ ველი. ლუისის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა ძალიან ძნელია. მაგრამ მის ადგილზე ვიღაც უნდა მოსულიყო და ეს ვიღაც სწრაფი პილოტია. მართალია, არ მგონია, რომ თავიდანვე პირველობისთვის იბრძოლებს, მაგრამ არც ის გამორიცხოთ, რომ პირველი რბოლის შემდეგ გაოცებულები დავრჩეთ“, - ამბობს ბატონი.
„ბოლო რბოლები რომც მომეგო, ჩემი მისამართით კრიტიკა მაინც იქნებოდა. არც მიკვირს, რადგან საუკეთესო გუნდში გადავდივარ და სანამ სტაბილურად მოწინავეთა შორის არ ვიქნები, მანამ ჩემს შესაძლებლობებზე კითხვას ყოველთვის დასვამენ. მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი მიზანი ისაა, რომ ჩემი უნარი ასი პროცენტით გამოვავლინო. ყოველ წრეზე, ყოველ მომენტში ვიბრძოლო. „ზაუბერში“ ასე ვარ და „მაკლარენშიც“ ასე ვიქნები“, - ამბობს პერესი.
ბოლო რბოლების ჩავარდნებს კი შემდეგნაირად განმარტავს: „აღმასვლას ჩავარდნები მოსდევს. აბუ დაბიში რბოლის შემდეგ, ჩარლი უაიტინგს (ფ1-ის რბოლების დირექტორი და ფ1-ის ტექნიკური დეპარტამენტის შეფი) ვესაუბრე და დამეთანხმა, რომ მომხდარი ჩემი ბრალი არ იყო. იგივე მომენტში კიდევ რომ აღმოვჩნდე, ზუსტად ისევე მოვიქცეოდი. პოლს (დი რესტას) გასწრება ხელსაყრელ მომენტში, სწორი მანევრით ვცადე. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მთელი რბოლა მის უკან უნდა გამეტარებინა. შეცდმა ალბათ იაპონიაში დავუშვი, როდესაც ჰამილტონის გასწრება ვცადე, მაგრამ სამაგიეროდ, რამდენიმე რბოლა იმაზე უკეთესი შედეგით დავასრულე, ვიდრე ველოდით. ამიტომ ვთვლი, რომ კარგად ვირჯები და ასევე გავაგრძელებ“.
პერესის თაობაზე უამრავ კითხვას „მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშსაც უსვამენ ხოლმე, რაზეც ის მიუგებს, რომ დრო ყველა კითხვას პასუხებს თანდათან გასცემს. ამასთან, ის თვლის, რომ მქესიკელ მრბოლს ჯერაც ბევრი რამ სასწავლი აქვს, მაგრამ ეს მასთან მუშაობას მით უფრო საინტერესოს ხდის.

No comments:

Post a Comment