Thursday, December 10, 2015

„მერსედესი“ თავის ყოფილ ინჟინერს შპიონაჟში ადანაშაულებს

Mercedes-AMG F1 Sues Engineer for Data Theft
10 დეკემბერი
ფორმულა 1-ში შეიძლება შპიონაჟის ახალი სკანდალი აგორდეს. „მერსედეს-AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსმა“, რომელიც ფ1-ის გუნდ „მერსედეს-AMG პეტრონსისთვის“ ძრავებს ამზადებს, თავის ყოფილ ინჟინერ ბენჯამინ ჰოილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ჰოილმა კონფიდენციალური ინფორმაცია მეტოქე გუნდს, დიდი ალბათობით, „ფერარის“ გაანდო, სად გადასვლასაც ამ თვის ბოლოდან აპირებდა.
როგორც ირკვევა, ჰოილმა უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის ტელემეტრიული ჩანაწერების შენახვა და უცნობი ადრესატისთვის გადაგზავნა შეძლო. ჩანაწერებში იყო ძრავის ცვეთის მონაცემები და ძრავთან დაკავშირებული ფაილები, რომლებიც რბოლის გადაუმუშავებელი ფაილების გასახსნელ კოდებს შეივცავდა. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ამ მონაცემების მიმღები, საკუთარი ძრავის სრულყოფის პროცესში, საგრძნობ უპირატესობას მოიპოვებდა.
ფორმულა 1 სპორტის ტექნიკური სახეობაა, სადაც ავტომწარმოებლები უახლეს ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ და ნერგავენ. ზოგჯერ ძალიან მცირე დეტალს ან მოწყობილობასაც შეუძლია სარბოლო ავტომობილის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ამიტომ მწარმოებლები - „მერსედეს-ბენცი“, „ფერარი“, „რენო“ და „ჰონდა“ ყველანაირად ცდილობენ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვას.
ბენჯამინ ჰოილი „მერსედეს-AMG-ში“ 2012 წელს გადავიდა და მისი ძრავების დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი იყო. შარშან მან გუნდს განუცხადა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, (2015 წლის სეზონის ბოლოს) გუნდს დატოვებდა. გერმანულ გუნდში იეჭვეს, რომ ჰოილი „ფერარიში“ გადასვლას აპირებდა და სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს, რომელიც ფ1-ს არ უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ინჟინერს ხელი მიუწვდებოდა რბოლების ტელემეტრიულ ჩანაწერებზე და ამით ისარგებლა კიდეც. როცა მიხვდა, რომ მისი ნამოქმედარი გაიგეს, ფაილების წაშლა სცადა, რითაც თავისი ნამოქმედარის დაფარვა სურდა.
„მერსედეს-AMG-ს“ სურს, რომ ჰოილს „ფერარიში“, ან სხვა რომელიმე გუნდში გადასვლის უფლება, მომავალი სეზონის დასრულებამდე ჩამოერთვას.

No comments:

Post a Comment