Friday, December 4, 2015

„რენო“ ფორმულა 1-ში თავისი გუნდით დაბრუნდა

Renault confirms works Formula 1 return with Lotus takeover
4 დეკემბერი
„რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია, მომავალი სეზონიდან საკუთარი გუნდით დაუბრუნდება ფორმულა ერთს. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ფრანგულმა კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა „ლოტუსთან“, რომელსაც სახელი გამოეცვლება. გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, „რენოს“ ეს გარიგება 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
„ჩვენ ორი არჩევანი გვქონდა: ან ასი პროცენტით დავბრუნებულიყავით, ან წავსულიყავით. საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ „რენო“ ფორმულა 1-ში უნდა იყოს და ეს მომავალი სეზონიდან მოხდება. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენი აქციონერების განწყობაც დამეხმარა. ჩვენი ამბიცია გამარჯვებაა, თუნდაც ამას გარკვეული დრო დასჭირდეს“, - ამბობს გონი.
„ავტოსპორტის“ ინფორმაციით, „რენოს“ ხელში გადავა „ლოტუსის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, „გენიი კეპიტალის“ აქციების წილი, რასაც დაახლოებით ათი დღე დასჭირდება. ფრანგულმა კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება აბუ დაბიში, „რენო სპორტის“ პრეზიდენტ ჯერომ შტოლის და ბერნი ეკლსტოუნის მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. ამ მოლაპარაკებათა შედეგად გადაწყდა, რომ „რენოს“ გუნდი, კონსტრუქტორთა თასზე „ლოტუსის“ მიერ დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებს სარეკლამო შემოსავლების წილს. ამასთან, ის სპორტში საკუთარი ადრინდელი მიღწევების გამო, ეგრეთ წოდებულ „ისტორიულ დამსახურებათა“ ანაზღაურებას მიიღებს.
სამაგიეროდ, „რენომ“ ვალდებულება აიღო, რომ ფორმულა 1-ში მინიმუმ ცხრა წლით დარჩება, რისთვისაც, „ისტორიულ სარგოს“ პირველი ექვსი წლისთვის დაუყოვნებლივ მიიღებს. გუნდის შეფის როლს შეინარჩუნებს ჟერარ ლოპესი, თუმცა ხელმძღვანელობაში გარკვეული ცვლილებები მოხდება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბოლიდები ყვითელ ფერში გამოეწყობა.
ფორმულა 1-ში თავისი დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად, „რენო“ იმ ფაქტს ასახელებს, რომ „რედ ბულთან“ მოპოვებული ზედიზედ ოთხი ტიტულის მიუხედავად, კომპანიამ სასურველი მარკეტინგული ხეირი ვერ მიიღო. როგორც დამოუკიდბელ გუნდს, ამ მხრივ, ბრენდისთვის მეტი ყურადღების მიქცევა შეუძლია. ძრავის მიმწოდებლის როლში კი ეფექტი მინიმალური იყო.
აღსანიშნავია, რომ იმ გუნდით, რომელიც გასულ სეზონებში „ლოტუსის“ სახელით ასპარეზობდა, ფრანგულმა კომპანიამ 2005 და 2006 წლებში მსოფლიო ჩემპიონს ტიტულები ფერნანდო ალონსოსთან ერთად მოიპოვა.

No comments:

Post a Comment