Sunday, November 22, 2015

მონტოია „პორშეს“ LMP1 პროტოტიპით აღფრთოვანებულია

Montoya: Porsche LMP1 is so good “it’s shocking”
22 ნოემბერი
ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულმა, ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ, ბაჰრეინში პირველად „გაუსინჯა გემო“ „პორშეს“ სარბოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდს“ და მისით აღფრთოვანებული დარჩა. ტესტებზე მის განკარგულებაში ის მანქანა (N17) იყო, რომლითაც წინა დღით, მარკ ვებერმა, ბრენდონ ჰარტლიმ და ტიმო ბერნჰარდმა, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

„ჩემი პირველი შეხედულება ისაა, რომ მანქანა საოცარია. ბევრი ტიპის სარბოლო მანქანის მართვის საშუალება მქონია, მაგრამ ეს ყველასგან განსხვავებულია. ძალიან გავერთე. ძალიან დიდი სიმძლავრე აქვს, არის მართლა ძალიან, ძალიან სტაბილური. ის იმდენად პროგნოზირებადია, რომ უჩვეულოდ გათამამებს. საოცრად კარგი მანქანაა. ადვილად სამართავია, მაგრამ ამის გამო, ზღვარზე გადასვლისკენაც გიბიძგებს“, - ასე ახასიათებს მონტოია ჩემპიონ პროტოტიპს.
კოლუმბიელი ასევე ამბობს, რომ მანქანა არასაკმარისი მოხვევადობით გამოირჩევა. ჰიბრიდულ სისტემასთან მუშაობას კი კომპიუტერული სიმულატორის დახმარებით მიეჩვია. „გაოცებული დავრჩი, როცა მანქანის მართვის 30-გვერდიანი ინსტრუქცია მომცეს. „მაკლარენში“ ერთი ფურცელი გვქონდა, რომელზეც ჩამოწერილი იყო საჭის რგოლზე არსებული ღილაკების დანიშნულება და აღნიშვნები. მხოლოდ ამის დამახსოვრება გვიწევდა“, - ყვება მონტოია, ვინც 2006 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა ფორმულა 1.
არაა გამორიცხული, რომ მონტოიამ მომავალ სეზონში, ლე მანის 24-საათან რბოლაში, სწორედ „პორშეს“ პროტოტიპით იასპარეზოს, სადაც ლე მანის წლვანდლ გამარჯვებულს, გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის. ჰულკენბერგს ტიტულის დაცვის სურვილი აქვს, მაგრამ ამის საშალება, ფ1-ის კალენდრის გამო არ მიეცემა, რადგან ლე მანის რბოლის დროს, ფ1-ის ეტაპი, ევროპის დიდი პრიზი, ბაქოში გაიმართება.

No comments:

Post a Comment