Tuesday, November 10, 2015

„ლოტუსი“ მომავალი სეზონის ბოლიდზე ინტენსიურად მუშაობს

Lotus F1 team 'well progressed' with development of 2016 car
10 ნოემბერი
„ლოტუსი“ აცხადებს, რომ მომავალი სეზონისთვის მანქანის მზადების პროცესში, მნიშვნელოვნად წინ წაიწია. არადა ცნობილია, რომ უსახსრობის გამო, შუა სეზონში მისი ანგარიშები დაყადაღებულიც კი იყო მოვალეების მიერ. შემდეგ კი გაჭიანურდა მოლაპარაკება „რენოსთან“, რომელმაც იაპონური ეტაპის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ლოტუსს“ გამოისყიდის. ყოველივეს გამო, „ლოტუსმა“ პრაქტიკულად გააჩერა ახლანდელი მანქანის სრულყოფის პროცესი.
„რენო“ ოფიციალურად „ლოტუსის“ მფლობელი აბუ დაბის რბოლის შემდეგ გახდება. თუმცა ბრიტანული გუნდი მაინც აგრძელებს სრულფასოვან ფუნქციონირებას, რადგან „რენოს“ მიერ შესყიდვის შემდეგაც, პირველ სეზონში მას სახელად „ლოტუსი“ შეუნარჩუნდება. ამასთან, შტატი უმეტესობა თავის ადგილს შეინარჩუნებს.

„ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესში, ჩვენ შესამჩნევად წინ წავიწიეთ. შესრულებულია პროექტირების და მოდელირების ეტაპების დიდი ნაწილი. წინა ორ სეზონში ბევრი რამ შევისწავლეთ, რაც ახალი ავტომობილის პროექტირებისას ძალიან გვეხმარება. რა თქმა უნდა, E23­ის სრულყოფის პროცესი ვერ წარიმართა ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით. მაგრამ სამაგიეროდ, ადამიანური რესურსის დიდი ნაწილი, მომავალი სეზონისთვის მზადებაზე მივმართეთ. უკვე დაწყებული გვაქვს ზოგიერთი ნაწილის დამზადების პროცესი. ამ ეტაპზე, საბოლოო დეტალიზაცია მიმდინარეობს“, - ამბობს „ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი.
მიმდინარე სეზონში დარჩენილ ორ რბოლაში - ბრაზილიასა და აბუ დაბიში, „ლოტუსის“ მთავარი მიზანი, მე-6 ადგილის შენარჩუნება იქნება. მე-5 ადგილი მისთვის უკვე პრაქტიკულად მიუწვდომელია, რადგან „ფორს ინდიას“ 41 ქულით ჩამორჩება. თავად კი „ტორო როსოს“ მხოლოდ ექვს ქულას უგებს.

No comments:

Post a Comment