Friday, November 13, 2015

„პინინფარინა“ ინდურმა „მაჰინდრამ“ შეიძინა

Pininfarina to be bought by Mahindra
13 ნოემბერი
ინდურმა სამრეწველო გიგანტმა „მაჰინდრამ“ გამოაცხადა, რომ ლეგენდარული იტალიური სადიზაინერო ატელიე „პინინფარინა“ შეისყიდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, წაგებაზე მუშაობდა.საბოლოოდ, ატელიეს ვალის სახით 52.7 მილიონი ევრო დაუგროვდა. „მაჰინდრა“ აქამდეც იყო „პინინფარინას“ თანამფლობელი. კრედიტორ ბანკებთან და მეორე თანამფლობელ „პინკართან“ მოლაპარაკების შემდეგ კი ამ უკანასკნელის ხელთ არსებული აქციები გამოისყიდა და იტალიურ კომპანიაში რეორგანზაციის ჩატარება დაგეგმა.
„პინინფარინა“ 1930 წელს დაარსდა და სახელი გაითქვა „ფერარისთვის“ შემუშავებული არაერთი ავტომობილის დიზაინით. გარდა ამისა, ატელიე ისეთი კომპანიებისთვისაც მუშაობდა, როგორებიცაა „მაზერატი“, „როლს-როისი“, „ალფა რომეო“, „ლანჩა“ და ბევრი სხვა. ამავე ატელიეს მიერაა შემუშავებული „ევროსტარის“ მატარებლების დიზაინი. მართალია, ჩამოთვლილი კომპანიებისთვის არაერთი ლეგენდარული ავტომობილის სტილი შექმნა, მაგრამ „პინინფარინამ“ მაინც ყველაზე მეტად, „ფერარისთან“ თანამშრომლობით გაითქვა სახელი.
ტურინის მახლობლად მდებარე ატელიემ, მარანელოელებისთვის ასამდე ავტომობილის დიზაინი შეიმუშავა. 2012 წელს კი ატელიეს დამაარსებელი, ლეგენდარული დიზაინერი სერჯო პინინფარინა გარდაიცვალა. მოგვიანბით, ატელიემ თავისი დამაარსებლის სახელზე, ერთჯერადი კონცეპტუალური მოდელი (ფოტოზე) შექმნა, რომელიც იმავდროულად, „ფერარისთან“ თანამშრომლობის 60 წლის იუბილესაც დაუკავშირდა. პირველად მისი ჩვენება ჟენევის 2013 წლის მოტორ შოუზე შედგა, რის შემდეგაც მისი რამდენიმე ეგზემპლარის დამზადება გადაწყდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს „პინინფარინასთან“ მიმართებაში მის ახალ მფლობელს. გავრცელებული ინფორმაციით, გაყიდვამდე ატელიეს აქციების ჯამური ფასი დაახლოებით 149 მილიონ ევროს შეადგენდა.

No comments:

Post a Comment