Thursday, November 12, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ ხარჯებს 6.8 მილიარდი დოლარით შეკვეცავს

Jaguar Land Rover to cut $6.8 billion in costs
12 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, სახელად „ლიპ 4.5“ (ნახტომი 45), რომლის მიზანიც, ხარჯების 4.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 6.8 მილიარდი დოლარით) შეკვეცა და წლიური წარმოების 1.0 მილიონ ავტომობილამდე გაზრდაა. დასახული მიზნის მიღწევა, ამ ათწლეულის ბოლოსთვის იგეგმება. ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ ჩინური ბაზრის შეკვეცის და გამონაბოლქვზე დაწესებული მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად, ამ მიზნის მიღწევა სრულიად შესაძლებელია.
ხარჯების შემცირების მიუხედავად, ბრიტანული კომპანია გააგრძელებს კვლევისა და განვითარების პროგრამას, რომელზეც 4.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. ამ გეგმის შესაბამისად, შემუშავდება ახალი მოდულური პლატფორმები, რომლებზეც არაერთი მოდელი აიგება. პარალელურად, კორექტირებას გაივლის მომწოდებელთა ბაზა. ხარჯების შემცირება ასევე არ შეეხება ბრაზილიასა და სლოვაკეთში ორი ახალი ქარხნის მშენებლობას.
ჩინეთის პორტ ტიანძინში აგვისტოში მომხდარმა კატასტროფამ განსაკუთრებით დააზარალა „იაგუარ ლენდ როვერი“, რომელსაც 5800 ახალი ავტომობილი დაუზიანდა. სამწუხაროდ, კატასტროფამ ორასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარის გამო, ჩინურ ბაზარზე ბრიტანული კომპანიის ბიზნესმა შესამჩნევად იკლო. თუმცა გლობალური მასშტაბით, კომპანიის გაყიდვები 2.0 პროცენტით არის გაზრდილი. ოქტომბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში გაყიდვებმა 390 965 ავტომობილს მიაღწია. ცნობისათვის, შარშან კომპანიამ მთელს მსოფლიოში 462 678 ავტომობილი გაჰყიდა.
დასახული მიზნის მისაღწევად, „იაგუარ ლენდ როვერი“ ბაზარზე რამდენმე ახალი მოდელის გამოტანას გეგმავს. მათ შორის იქნება ახალი „დისქავერი“ და ახალი „დიფენდერი“. ახალი ავტომობილების წარმოების უზრუნველსაყოფად, კომპანია თავისი ახალი ქარხნების გარდა, ავსტრიულ კომპანია „მაგნა შტეირის“ საწარმოო რესურსსაც გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment