Monday, September 21, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ წელს გაყიდვების ზრდას გეგმავს

Jaguar Land Rover sales will rise in 2015 despite China drop, CEO says
21 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი რალფ შპეტი ამბობს, რომ ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მკვეთრი კლების მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი კომპანიების გაყიდვები მაინც გაიზრდება. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი მას ბრიტანთში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა აძლევს.
წელს ჩინეთში გაყიდვები 301 778 ერთეულამდე არის შემცირებული, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29 პროცენტით ნაკლებია. ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია, მაგრამ ამჟამად იქ ეკონმიკა შემცირების ფაზაშია, ეცემა სააქციო ბაზარი და იუანის კურსი, რაც მოსახლეობის მყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება და ყოველივეს გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი ავტომობილების გაყიდვები.
მაგრამ შპეტი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, გაყიდვები გლობალური მასშტაბით მაინც გაიზრდება და შარშან გაყიდულ 462 678 ავტომობილს გასცდება. ცისქვეშეთში გაყიდვების კლებას, სხვა რეგიონებში ზრდა გადაფარავს. ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოსვლისას, მან სწორედ ბრიტანეთის, ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გაყიდვების ზრდა აღნიშნა. ოღონდ, ზრდის მოსალოდნელი მოცულობა ვერ დაასახელა.
უნდა ითქვას, რომ „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ჩინური ბაზარი, შარშან ყველაზე სწრაფად მზარდი იყო. კონკრეტულად, გაყიდვები იქ 28 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ წელს ჯერჯერობით თითქმის იმავე მოცულობის კლება ფიქსირდება. შპეტი იმედოვნებს, რომ საქმეს ახლახანს ამოქმედებული ჩინური ქარხანა გამოასწორებს. თუმცა, მოლოდინი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა შეამცირა.
ის ამბობს, რომ წარშულში დარჩა ის დრო, როცა ჩინური ბაზარი და იქ მისი კომპანიის გაყიდვების მოცულობა, ორნიშნა პროცენტით იზრდებოდა. ზრდა კვლავაც იქნება, ოღონდ უფრო მოკრძალებული. დაახლოებით, 4-7 პროცენტის ფარგლებში.
მალე ბრიტანული კომპანიის სამოდელო გამას, „იაგუარის“ ისტორიაში უგზოობის პირველი ავტომობილი, „F-პეისი“ შეავსებს, რომლის მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართა. შპეტი ამბობს, რომ ეს ავტომობილი ბაზრის იმ სეგმენტს შეავსებს, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს ქალებს და ოჯახის მყოლ მყიდველს.

No comments:

Post a Comment