Friday, September 25, 2015

სველი სუზუკას ქაოსური პრაქტიკები

Motor racing-Wet Suzuka practice leaves questions unanswered
25 სექტემბერი
ესეც სუზუკა, ადგილი, სადაც შარშანდელი რბოლისას მიღებულ ტრავმას, ჟიულ ბიანკის სიცოცხლე შეეწირა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია ფ1-ის კალენდარში და ერთ-ერთი ყველაზე დასწრებადი. და ადრე თუ იქ ჩასვლა, სეზონის დასასრულის სიახლოვეს მოასწავებდა, ამჯერად ასე არაა - წინ კიდევ რამდენიმე ეტაპი გველის, მათ შორის, კალენდარში დაბრუნებულ მექსიკაშიც.
ამომავალი მზის ქვეყანა, დიდი პრიზების ქარავანს ამჯერად უმზეოდ და წვიმით შეხვდა, რამაც პირველი ორი პრაქტიკა ფაქტობრივად სწრაფ გასეირნებას დაამსგავსა. სწრაფი პირობითად, რადგან სველი ტრასის გამო, ბოლიდებს სიჩქარე აშკარად აკლდა. რვა პილოტმა საერთოდ ვერ შეძლო დროის დაფიქსირება. ვინც ტრასაზე გამოსვლა გადაწყვიტა, იქ ცოტა დრო დაჰყო. მაგალითად, ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა პირველ სესიაზე მხოლოდ ექვს წრე გაიარა, მეორეზე კი - რვა.
„დღეს ტრასაზე გამოსვლას აზრი არ ჰქონდა. რბოლა მშრალ ამინდში იქნება და ამიტომ, სველ ამინდში, პრაქტიკების დროს, მანქანის სარბოლოდ მომართვა შეუძებელია“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც პირველ სესიაზე მეხუთე უსწრაფესი იყო, მეორეზე კი - მესამე.
პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო, უმცროსმა კარლოს საინსმა დააფიქსირა, მეორეზე კი ყველაზე სწრაფი დანილ კვიატი იყო. საინსისთვის ეს პირველი შემთხვევაა ფ1-ში, როცა ცხრილის სათავეში მოექცა. კვიატმა კი ეს პირველად ერთი კვირით ადრე - სინგაპურის პრაქტიკებზე შეძლო. ამ სეზონში კი „რენოს“ ძრავით მოასპარეზე პილოტებმა პირველად შეძლეს ორივე პრაქტიკის მოგება.
და მაინც, სუზუკაზე მთავარი წვიმაში რბოლა კი არა, „ლოტუსის“ გასაჭირია, რის გამოც, გუნდს ტრეკზე ტექნიკა დაგვიანებით ჩამოუვიდა. ამასთან, ფულის არქონის გამო, პადოკში მისი ადგილი სტუმრების გარეშე დარჩა - გუნდმა მათი მიწვევა ვერ მოახერხა. თუმცა, ეგ რა მოსატანია - თუ ორშაბათს ვალებს ვერ გაისტუმრებს, „ლოტუსი“ გაკოტრებულად გამოცხადდება. ეს აქამდეც მოხდებოდა, რომ არა ბერნი ეკლსტოუნის დახმარება. ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი იმედოვნებს, რომ გაკოტრებამდე, „ლოტუსს“ „რენო“ გამოისყიდის.
მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არაა. „რენო“ პარტნიორობას წყვეტს „რედ ბულთან“ და „ტორო როსოსთან“, რომლებიც ძრავებზე მოლაპარაკებას „ფერარისთან“ აწარმოებენ. თანაც, მარანელოელთა აგრეგატები მხოლოდ ორი სეზონით სურთ, რის შემდეგაც, მათი პარტნიორი „ფოლკსვაგენი“ უნდა გახდეს. მაგრამ გერმანული ჯგუფი ისეთ სკანდალში გაეხვა, არაერთ მილიარდს დაკარგავს. ასეთ სიტუაციაში კი, ისეთი ძვირადღირებული რეკლამა, როგორიც ფ1-შია, მისთვის მეტისმეტი ფუფუნება იქნება. მოკლედ, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის ამ ორი გუნდის მომავალი გაურკვეველია.

იაპონიის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                  1:49.434
2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:49.938
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:50.077
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:50.519
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:50.722
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:50.940
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:51.212
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:52.288
9. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     1:53.820
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:53.964
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:54.013
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:55.678
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          დროის გარეშე
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          დროის გარეშე
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    დროის გარეშე
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            დროის გარეშე
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე
18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანთი, ლოტუსი)               დროის გარეშე
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      დროის გარეშე
20. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               დროის გარეშე

მეორე პრაქტიკა
1. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:48.277
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:48.300
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:48.853
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:49.097
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:50.268
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:50.319
7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   1:50.418
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:50.542
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        1:50.968
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:51.557
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:51.674
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:51.861
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:51.934
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:52.070
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:52.534
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:52.765
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:55.239
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:58.059
19. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:59.419
20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   დროის გარეშე

No comments:

Post a Comment