Saturday, September 19, 2015

ფეტელის პოული „ფერარისთვის“

Motor racing-Vettel gives Ferrari pole in Singapore
19 სექტემბერი
სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა რომ დაიწყო, რაგბში საქართველოს ნაკრების ტონგასთან შეხვედრა ახალი დასრულებული იყო და რატომღაც, იცით რა გამახსენდა? მიხაელ შუმახერი რომ „ფერარიში“ გადავიდა, მაშინ როს ბრაუნმა და ჟან ტოდტმა განაცხადეს, ჩვენი მთავარი მიზანი, სტაბილურობის მიღწევაა, წარმატებებს კი ამ სტაბილურობაზე დავაშენებთო. პირველი წარმატებისთვის (ტიტულისთვის) სამი წელი დასჭირდათ, შემდეგ კი „ფერარის“ და შუმახერის ეპოქა დაიწყო...
დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება საქართველოს რაგბზეც. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სულ სამჯერ იასპარეზა მსოფლიო თასზე და ყოველი შემდგომი გამოსვლა, წინაზე უკეთესი ჰქონდა. წინსვლა სტაბილურია და რაც მთავარია, გრძელდება, რადგან ტონგას დამარცხება იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ნაკრებს, გათამაშების მეორე ეტაპზე პირველად გასვლის რეალური შანსი აქვს. მთავარია, ისევე გააგრძელოს, როგორც აქამდე მოდიოდა. რა თქმა უნდა, ჩვენებს ჩემპიონობას დღეს ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ ალბათ, ამის დროც დადგება. განვითარების დინამიკა ამის იმედს გვაძლევს!
რაც შეეხება სინგაპურის კვალიფიკაციას, პოულზე სებასტიან ფეტელია, რომელმაც წამნახევარზე მეტით აჯობა ლუის ჰამილტონს და უფრო მეტით - ნიკო როსბერგს. უფრო მეტიც, კვალიფიკაციის შედეგების შედეგად, პირველ სამეულში არცერთი ისეთი პილოტი არ შესულა, რომელიც „მერსედესის“ ძრავით ასპარეზობს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რბოლის შემდეგაც, კვარცხლბეკი სამქიმიანების გარეშე დარჩება. როგორც კვალიფიკაციის შემდეგ გაირკვა, მათ საბურავების პრობლემები ჰქონდათ.
ამგვარად, შეწყდა კვალიფიკაციებზე „მერსედესის“ 15-თვიან დომინაცია. გერმანული გუნდის პილოტები, წინა 23 რბოლის სტარტზე, აუცილებლად პოულზე იდგნენ. მათ ერთი პოულიც სჭირდებოდათ იმისათვის, რომ „უილიამსის“ 1990-იანი წლების მიღწევა გაემეორებინათ. სამაგიეროდ, ფერარის პილოტი პოულზე 2012 წლის შემდეგ პირველად დადგება. და ეს ის პილოტი იქნება, ვისაც სინგაპურში სამი გამარჯვება აქვს. სხვათა შორის, ეს მის კარიერაში 46-ე პოულია. დღევანდელ გამარჯვებამდე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ბოლოს კვალიფიკაცია 2013 წელს ჰქონდა მოგებული. მაშინ ის „რედ ბულის“ პილოტი იყო.
ჰამილტონმა ამ სეზონში მეორე კვალიფიკაცია წააგო. ამ სეზონში მას უკვე 11 აქვს მოგებული! ამჯერად მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. სტარტზე მას გვერდს თანაგუნდელი ნიკო როსბერგი დაუმშვენებს, რომელიც კვალიფიკაციაზე მე-6 იყო. ჰამილტონიც და როსბერგიც წარუმატებლობის მიზეზად საბურავებს ასახელებენ, რომლებიც საკმარის ჩაჭიდებას ვერ უზრუნველყოფდა. მანქანა ისევ უსწრაფესია, მაგრამ საბურავები ამის რეალიზების საშუალებას არ გვაძლევსო - ამბობს ჰამილტონი.
რაც შეეხება ფეტელს, მან კვალიფიკაციაში გამარჯვება ისე აღნიშნა, თითქოს რბოლა მოეგოს. თუმცა, ამის მიზეზიც მალე ახსნა: „ვიცი, რომ ეს მხოლოდ კვალიფიკაციაა. მთავარი საქმე რბოლისას გვექნება. მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ საწადელს მივაღწიეთ. თავიდანვე კარგად დავიწყეთ. პრაქტიკებზეც და კვალიფიკაციის პირველ ეტაპებზეც სწრაფები ვიყავით. მანქანა შესანიშნავი სამართავია. თანაც, რბოლისას სულ უფრო უკეთ მუშაობდა. ყველაფრის მიუხედავად, უპირატესობამ (მერსედესთან) გამაკვირვა, თუმცა ბოლო წრე მართლა ძალიან კარგი მქონდა“.
მართალია, სამქიმიანებს ამ სეზონში (და წინაშიც) ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ ნელ ტრასებზე, როგორებსაც სინგაპურის ქუჩის ტრეკიც მიეკუთვნება, მათი უპირატესობა თითქოს ქრება. სინგაპურის ქალაქის ტრასას 23 მოსახვევი აქვს, რაც ძრავის შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. სხვათა შორის, ამავე მიზეზით, დანიელ რიკარდომ, სინგაპურში „რედ ბულის“ გამოცოცხლება იწინასწარმეტყველა და მართალიც აღმოჩნდა - მეორე დრო დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი გასულ სეზონში ერთადერთი პილოტი იყო, ვინც „მერსედესის“ პილოტებს გამარჯვება წაართვა და ეს სამჯერ გააკეთა. ამ სეზონში კი კვარცხლბეკზეც კი მხოლოდ ერთხელ შეძლო ასვლა.

სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:43.885
2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:44.428
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:44.667
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:44.745
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:45.300
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:45.415
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:45.676
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:45.798
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:46.077
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:46.413
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:46.305
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:46.328
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                     1:46.385
14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:46.894
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:47.019
- - - - - - - - - -
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:46.965
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:47.088
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:47.323
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:51.021
20. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:51.523

No comments:

Post a Comment