Friday, September 18, 2015

„რედ ბული“ პრაქტიკებს „იგებს“ და... ძრავის გარეშე რჩება

Motor racing-Red Bull, Ferrari take the fight to Hamilton
18 სექტემბერი
„რედ ბული“ სინგაპურის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე უსწრაფესია, მაგრამ როგორც ჩანს, მალე ძრავების მიმწოდებელ პარტნიორს დაკარგავს - „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი კომპანია მომავალი სეზონიდან ძრავების მიმწოდებელი აღარ იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, „რენო“ თავის გუნდს გამოიყვანს, თუ დიდი პრიზების ცირკს დატოვებს, მაგრამ ფაქტია, რომ „რედ ბული“ და „ტორო როსო“ ძრავების გარეშე დარჩნენ.
საქმე იქით მიდის, რომ ფრანგული კომპანია „ლოტუსს“ გამოისყიდის და თავისი სახელით იასპარეზებს ფ1-ში. რაც შეეხება „რედ ბულს“, ახლახანს „ბიბისიმ“ გაავრცელა ედი ჯორდანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ავსტრიულ გუნდს მალე „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი დაეუფლება. ოღონდ, მისივე თქმით, გერმანული კომპანია თავის გუნდს ძრავებით მხოლოდ 2018 წლიდან მოამარაგებს, მანამდე კი ის „ფერარის“ აგრეგატებით იასპარეზებს.
რომელი ბრენდით შევა ფორმულა 1-ში „ფოლკსვაგენი“, ამის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს. დიდი ალბათობით, ეს „აუდი“ იქნება, რომელმაც ლე მანზე მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ, ესტაფეტა „თანაჯგუფელ“ „პორშეს“ ახლახანს გადასცა. „აუდი“ ფ1-ში არასდროს ყოფილა, არადა მისი წინაპარი „აუტო უნიონი“ ერთ დროს დიდი პრიზების (1930-იან წლებში ფ1 არ არსებობდა) ცირკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე იყო და ტოლსწორად ეპაექრებოდა „მერსედესს“, რომელიც ამჟამად ფ1-ში ბატონობს.
მაგრამ აქ ერთი ხინჯიცაა: საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინათ, „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭოს ახლანდელ თავმჯდომარე მარტინ ვინტერკორნს, „ფიატის“ შეფმა სერჯო მარკიონემ „აწყენინა“ – „ალფა რომეოს“ მიყიდვაზე მტკიცე უარი უთხრა. არადა გერმანელი ძალიან მოწადინებული იყო. ვინტერკორნი მეტისმეტად თავმოყვარე და ამაყი პიროვნებაა და ძნელი წარმოსადგენია, მარკიონეს „ფერარის“ ძრავები სთხოვოს - იტალიური კომპანია ხომ „ფიატს“ ეკუთვნის. მაგრამ სავარაუდოდ, მის ნაცვლად, ამას „რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი გააკეთებს და გუნდსაც სახელი მოგვიანებით გამოეცვლება. იმავე „ბიბისის“ ინფორმაციით, მატეშიცმა თავისი კომპანიის ვებგვერდ „სპიდუიკს“ განუცხადა, რომ „რენოსთან“ დაშორება რამდენიმე კვირის წინ გადაწყდა და რომ შემდგომ ორ-სამ სეზონში, „ფერარის“ ძრავებით სარგებლობა, მისი გუნდისთვის მისაღები იქნება. თუმცა ისიც აღიარა, რომ მარანელოელებთან მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.
„ბიბისი სპორტი“ კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: „ფოლკსვაგენის“ მიერ „რედ ბულის“ გამოსყიდვის შეთანხმებას მხარეებმა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე მიაღწიეს, მაგრამ იმ გარიგებას ვეტო გერმანული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომრე დერდინანდ პიხმა დაადო. მოგვიანებით კი ის სწორედ ვინტერკორნმა და მისმა თანამოაზრეებმა გადააყენეს.
რაც შეეხება თავისუფალ პრაქტიკებს, ორივე სესიის ჯამში, ყველაზე სწრაფი „რედ ბულის“ დანილ კვიატი აღმოჩნდა, რომელმაც სულ რაღაც, 0.039 წამით აჯობა კიმი რაიკონენს. აქ დანიელ რიკარდოს სიტყვებიც უნდა გავიხსენოთ - სინგაპურში „რედ ბულს“ სიცოცხლე დაუბრუნდებაო. ძნელი სათქმელია, ხარები კვალიფიკაციასა და რბოლაშიც წინ იქნებიან, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს გაგვაოცეს.
აქ ერთ საინტერესო რამეზე ღირს ყურადღების გამახვილება: ლუის ჰამილტონს რეალური შანსი აქვს, კარიერაში 41-ე გამარჯვება მოიპოვოს, რითაც თავის ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ აირტონ სენას გაუტოლდება. ის ამას ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზამს, მაგრამ ბრიტანელს სურს, რომ სანუკვარ მიზანს, თავის 161-ე სტარტზე მიაღწიოს. იმიტომ, რომ სენას თავისი 41 გამარჯვება სწორედ 161 რბოლაში აქვს მოპოვებული! ჰოდა, მეტისმეტად მონდომებულმა, ჰამილტონმა პრაქტიკებზე სამი შეცდომა დაუშვა და სამივე შემთხვევაში, ტრასის მიღმა აღმოჩნდა. ბედად, ისეთ ადგილებში შეცდა, სადაც სიახლოვეს დამცავი ზღუდე არ იყო...
ფ1-ში თავისი სადებიუტო რბოლა ავარიით დაიწყო „მენორის“ ამერიკელმა ალექსანდერ როსიმ, რომელსაც პირველი 18 წრის შემდეგ, ყველაზე ცუდი დრო ჰქონდა, მე-19 წრე კედელთან „ჩახუტებით“ დაასრულა. სხვათა შორის, მეორე სესიაზე, ავარია მის თანაგუნდელ უილ სტივენსსაც მოუვიდა...

სინგაპურის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:47.995
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:48.314
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:48.331
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:48.494
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:48.785
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:49.380
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:49.466
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:49.854
9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   1:50.019
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:50.068
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:50.123
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:50.125
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:50.158
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:50.341
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.455
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:50.883
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:51.035
18. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:51.188
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:53.903
20. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:53.918

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:46.142
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:46.181
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:46.256
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:46.479
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:46.487
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:46.659
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:46.781
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              1:46.959
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:47.294
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:47.427
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:47.684
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:47.755
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:47.795
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:47.888
15. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:48.012
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:48.096
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:48.118
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:50.094
19. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:56.739
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:59.932

No comments:

Post a Comment