Monday, June 22, 2015

ქაჯაიას ოთხიდან ოთხი გამარჯვება

22 ივნისი
დათა ქაჯაიამ ტურინგის კლასში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, რომელიც სლოვაკია რინგზე გაიმართა, მორიგი ორი გამარჯვება მოიპოვა და ისინი თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა. უფრო მეტიც, ქართველმა პილოტმა, მეორე რბოლაში უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და აბსოლუტურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა. მან წამზე ოდნავ მეტი წააგო გამარჯვებულთან, სერბ დუშან ბორკოვიჩთან.
უნდა ითქვას, რომ როგორც წინა ორი რბოლის გამარჯვებულს და თავის კლასში ლიდერს, დათას 50-კილოგრამიანი ბალასტით მოუწია ასპარეზობამ, თუმცა ამან თავისი ოსტატობის გამოვლენაში ხელი ვერ შეუშალა. უფრო მეტიც, მართალია, მისი „ბეემვე“ მეტოქეთა „სეატებზე“ მძიმეცაა და ნაკლებად მძლავრიც, მეორე რბოლაში უსწრაფესი წრე მაინც დათას ჰქონდა.
სამწუხაროდ, პირველი რბოლის დასაწყისში, დათას მცირე კონტაქტი ჰქონდა ბორკოვიჩთან, რამაც საბურავი დაუზიანა და რამდენიმე ადგილი დააკარგვინა. მაგრამ რბოლის ბოლომდე (დისტანცია სულ 9 წრე იყო), მაინც მოასწრო თავის კლასში დაწინაურება, გამარჯვებულ ჩეხ პეტრ ფულენს კი 13 წამით ჩამორჩა და აბსოლუტურ ჩათვლაში მე-5 ადგილი დაიკავა.
ისევე როგორც ჰუნგარორინგზე, დათამ ამჯერადაც იბრძლა გამარჯვებისთვის. ეს მეორე რბოლისას მოხდა მას შემდეგ, რაც ტრასა უსაფრთხოების მანქანამ დატოვა. დათამ გერმანელ ანდრეას პფისტერს გაუარა და ბორკოვიჩის დევნაში, უსწრაფესიც იყო, მაგრამ რბოლის 11 წრე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ისიც უკან მოეტოვებინა.
თუმცა მთავარი ისაა, რომ დათა ტურინგის ევროპის ჩემპიონატზეც უკვე ავტორიტეტია და მისი წყალობით, ტელეარხ „ევროსპორტის“ რეპორტაჟებისას, ევროპელი მაყურებელი უკვე ქართულ ჰიმნს აჩვევს ყურს, ქართულ დროშას კი - თვალს!

No comments:

Post a Comment