Tuesday, November 4, 2014

„ლენდ როვერი“ „დისქავერი სპორტს“ ბრაზილიაშიც გამოუშვებს

Land Rover To Build Discovery Sport In Brazil
4 ნოემბერი
ერთი კვირა არ იყო გასული მას შემდეგ, რაც „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჩინეთში პირველი ავტომობილის, უგზოობის „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება დაიწყო და ბრიტანულმა კომპანიამ კიდევ ერთ სიახლე გვამცნო. მისი მორიგი ქარხანა, რომელიც ალბიონის მიღმა დაიწყებს ავტომობილების წარმოებას, ბრაზილიაში აშენდება. ოღონდ, პირველად ის უახლეს „ლენდ როვერ დისქავერი სპორტს“ გამოუშვებს. ეს ინფორმაცია „იაგუარ ლენდ როვერმა“ სან პაულუს ავტო შოუზე გამოაქვეყნა.
ბრაზილიური ქარხნისთვის ადგილიც შერჩეულია. ის პატარა ქალაქ იტაიაიას (შტატი რიო დე ჟანეირუ) მახლობლად აშენდება. წარმოება 2016 წლიდან დაიწყება. წლიური წარმოება სულ რაღაც 24 000 ავტომობილის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, იქ გამოშვებული ავტომობილები მხოლოდ ბრაზილიის ბაზარზე გაიყიდება. სხვა ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, „იაგუარ ლენდ როვერის“ ჰელივუდის (ბრიტანეთი) ქარხანაში გამოშვებული „დისქავერი სპორტი“ გაიყიდება.
რამდენადაც „დისქავერი სპორტს“ და „რეინჯ როვერ ევოუკს“ ერთი პლატფორმა აქვს, შეიძლება ვარაუდი, რომ ბრიტანული კომპანია იტაიაიაში მეორე ავტომობილსაც გამოუშვებს. მაგრამ ჯერჯერობით გეგმები მხოლოდ პირველს ეხება, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართა. ამ ეტაპზე არც „იაგუარის“ რომელიმე მოდელის წარმოებაზეა ლაპარაკი.
„ბრაზილია და მისი მიმდებარე რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია „იაგუარ ლენდ როვერისთვის“. ბრაზილიელი მომხმარებელი სულ უფრო მზარდ აპეტიტს ავლენს მაღალი შესაძლებლობების მქონე პრემიუმ ავტომობილებისადმი, რამაც ადგილზე წარმოებისკენ გვიბიძგა. და სიამაყით დავასტურებთ, რომ ახალ ბრაზილიურ ქარხანაში, სრულიად ახალ „დისქავერი სპორტს“ გამოვუშვებთ“, - სან პაულუს ავტო შოუზე გამოსვლისას განაცხადა „იაგუარ ლენდ როვერის“ გლობალური ოპერაციების დირექტორმა ფილ პოპჰემმა.

No comments:

Post a Comment