Thursday, November 6, 2014

უბერებელი „სუზუკი ჯიმნის“ მორიგი განახლება

2015 Suzuki Jimny Soldiers On For Another Year with Updates
6 ნოემბერი
როგორც წესი, ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობად 4-6 წელია მიჩნეული. მაგრამ იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს, რომლებიც ბაზარზე გაცილებით მეტხანს რჩებიან. ასეთებს შორისაა უგზოობის პატარა ავტომობილი „სუზუკი ჯიმნი“, რომელიც უკვე 16 წელია, რაც უცვლელად დგას კონვეიერზე. და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იდგება. ყოველ შემთხვევაში, იაპონურმა კომპანიამ მას მორიგი განახლება ჩაუტარა.
განახლების მთავარი მიზანი, მანქანის ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. გარდა ამისა, „ჯიმნის“ გარეგნობაც და ინტერიერიც დაუხვეწეს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი შევიდა, რომლის გარეშეც, ამიერიდან ევროპაში ახალი ავტომობილი ვერ გაიყიდება.
ინტერიერში გამოჩნდა მაჩვენებლების ახალი დაფა, რომელიც ასევე ახალ ევრო რეგულაციებს შეესაბამება. მასზე გაჩნდა საბურავებში წნევის კონტროლის მაჩვენებელი. ასევე სიახლეა გადაცემის რიცხვის ინდიკატორი, რომელიც საწვავის ეკონომიურად ხარჯვაში დაგეხმარებათ.
SZ4-ის ძარის გასაფორმებლად ორი ახალი „მეტალური“ ფერი გამოიყენება, რომლებსაც იაპონური კომპანია „ფოლადის ვერცხლისფერსა“ და „ხაკისფერ მწვანეს“ უწოდებს. SZ3-ის სავარძლების გასაწყობად ახალი ქსოვილებია გამოყენებული. ასევე SZ4-ზე შეცვლილია 15-დუიმიანი ბორბლების დიზაინი.
კაპოტქვეშ კი ყველაფერი უცვლელი დარჩა. „ჯიმნის“ მამოძრავებელ ძალას ისევ 1.3-ლიტრიანი ძრავი ანიჭებს, რომელთანაც მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებია დაკავშირებული. პირველ შემთხვევაში საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 7.1 ლიტრია, მეორე შემთხვევაში კი - 7.3 ლიტრი. რაც შეეხება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, მექანკური კოლოფით აღჭურვილი ვერსია 162 გრამს გამოჰყოფს, ავტომატურით კი - 167 გრამს.

No comments:

Post a Comment