Sunday, August 3, 2014

„ფორდის“ ყველაზე წარმატებული ივლისი ბოლო რვა წელიწადში

Ford Announces Best July Results in 8 Years
3 აგვისტო
„ფორდი“ კვლავ აღმავლობის გზაზეა. გასულ ივლისში ამერიკულმა კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 212 236 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელ ივლისთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის ბოლო რვა წელიწადში ივლისის საუკეთესო გაყიდვები.
„ივლისში ძალიან კარგი გაყიდვები გვქონდა როგორც „ფორდის“, ასევე „ლინკოლნის“ ავტომობილებისთვის. პრაქტიკულად ყველა დიდ სეგმენტში გაყიდვების მატება გვაქვს. გაყიდვების ზრდას განსაკუთრებით ხელი „ისკეიპმა“ და „ფიუჟნმა“ შეუწყვეს, რომლებსაც რეკორდული გაყიდვები აქვთ. კვლავ 60 000-ზე მეტი გაიყიდა F-სერიის პიკაპები. იზრდება მოთხოვნა უახლეს „ტრანზიტ კონექტზე“, „ტრანზიტ კონექტ ვეგონსა“ და „ლინკოლნ MKC-ზე“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი ჯონ ფელიჩე, ვინც გაყიდვებს, მარკეტინგსა და სერვისს კურირებს.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს „ფორდ ფიუჟნის“ პოპულარობა - ეს ავტომობილი ივლისში 23 942 ცალი გაიყიდა, რაც შარშანდელ ივლისთან შედარებით 17 პროცენტით მეტია. ეს კი ამ მოდელისთვის ერთ თვეში გაყიდვების ყველა დროის რეკორდია. განსაკუთრებული პოპულარობით ეს სედანი ამერიკის დასავლეთ რეგიონებში სარგებლობს.
მოიმატა მოთხოვნამ უგზოობის „ფორდ ექსპლორერზეც“, რომელიც ივლისში 16 797 ცალი გაიყიდა, ეს კი ამ მოდელისთვის ივლისის საუკეთესო მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ. რაც შეეხება „ისკეიპს“, მისმა გაყიდვებმა 19 პროცენტით მოიმატა და ყველა დროის რეკორდული ივლისი დაუფიქსირდა. და რა თქმა უნდა, „ფორდის“ სამოდელო გამაში ყველაზე მეტი პოპულარობით, F-სერიის პიკაპები (მსუბუქიც და მძიმეც) სარგებლობს. მათმა გაყიდვებმა ჯამში 63 240 ერთეული შეადგინა, რაც შარშანდელი ივლისის გაყიდვებზე 5 პროცენტით მეტია.
დაბოლოს, ცისფერი ოვალის ლუქს შტოს შესახებ, რომელიც ბოლო ხანს ძალიან პრობლემურია. „ლინკოლნმა“ გაყიდვების 17-პროცენტიანი ზრდა დააფიქსირა და 7 863 ცალი ავტომობილი გაჰყიდა. ეს კი ბოლო ექვს წელიწადში საუკეთესო შედეგია. აქედან უახლესი პრემიუმ ქროსოვერი MKC 1 534 ცალია გაყიდული.

No comments:

Post a Comment