Saturday, July 26, 2014

„მერსედესმა“ AMG-ს ახალი 4.0-ლიტრიანი V8 გაგვაცნო

Mercedes-AMG’s New 4.0-Liter V8 Biturbo Produces 510PS and 650 Nm
26 ივლისი
სუპერ ავტომობილების ბაზარი მოუთმენლად ელის „მერსედეს-ბენცის“ უახლეს სპორტულ ავტომობილ AMG GT-ს, რომელიც AMG-ს უახლესი ძრავით აღიჭურვება. მორიგი ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა ამ ავტომობილის შესახებ გაავრცელა, სწორედ ძრავს ეხება. ესაა 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც 510 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს ავითარებს.
ძრავის კოდური სახელია M178 და მისი ძრითად თავისებურება ისაა, რომ ორივე ტურბო კომპრესორი, მისი V სტრუქტურის შიგნითაა მოთავსებული. ამის გამო, დარგის ექსპერტებმა ძრავს უკვე შეარქვეს „ცხელი შიდა V“. როგორც „მერსედესი“ ამბობს, ასთი კონსტრუქციის მთავარი ხეირი, ძრავის კომპაქტურობაა. გარდა ამისა, აგრეგატი ოპტიმალური რეაქციით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებული შემცველობით გამოირჩევა.
რამდენადაც ძრავს ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი აქვს, ის მანქანაზე უფრო დაბლა განლაგდება და ამით, სიმძმის ცენტრსაც გზასთან მიაახლოებს. ამგვარად, „მერსედეს AMG GT“ მსოფლიოში პირველი სპორტული ავტომობილი იქნება, რომელიც „ცხელი შიდა V“ და მშრალი კარტერის მქონე ძრავით აღიჭურვება. გარდა ამისა, კომპანია ირწმუნება, რომ ახალი ძრავი, თავის კლასში უმსუბუქესიცაა. უფრო კონკრეტულად, ის 209 კილოგრამს იწონის.
ძრავის თვისებათაგან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაქსიმალურ მომენტს, მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვის ფართო დიაპაზონში ავითარებს. კერძოდ, 650-ვე ნიუტონმეტრი, 1 750-4 750 ბრ/წთ-ზეა ხელმისაწვდომი. ასეთი ადრეული მაქსიმალური მომენტის წყალობით, ავტომობილს კარგი ტემპერამენტი ექნება. მწარმოებელი ასევე გვპირდება, რომ ძრავი ძალიან ეკონომიურიცაა, თუმცა ამ ეტაპზე, შესაბამის მაჩვენებელს არ ავრცელებს.
სხვათა შორის, ახალი 4.0-ლიტრიანი თავისი სტრუქტურით ახლოსაა AMG-ვე წარმოების 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავთა, რომლებსაც A 45 AMG-ზე, CLA 45 AMG-სა და GLA 45 AMG-ზე იყენებენ. ორივე ძრავს იდენტური ცილინდრის დიამეტრი და დგუშის სვლა აქვს. ამასთან, ორივეს საწვავის უშუალო შეფრქვევის მესამე თაობის პიეზო ფრქვევანები ემსახურება. დაკიდევ, ახალი V8 აგრეგატი ევრო 6 სტანდარტს შეესაბამება და გამონაბოლქვში მყარი ნაწილაკების შემცველობის ახალ სტანდარტშიც ჯდება, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდება.

No comments:

Post a Comment