Thursday, May 8, 2014

„ვოლვომ“ და „გუგლმა“ თვითმავალი მანქანების ქალაქში ტესტირება დაიწყეს

Volvo, Google begin testing self-driving cars on city streets
8 მაისი
„ვოლვომ“ და „გუგლმა“ გამოაცხადეს, რომ თავიანთი თვითმავალი ავტომობილების ქალაქის ქუჩებში გამოცდებს შეუდგნენ, რაც ახალი ტექნოლოგიის სერიულ ავტომობილებზე დანერგვის პროცესში, ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. ამ ტიპის ავტომობილებს, რამდენიმე წლის განმავლობაში, ტესტებს ქალაქგარეთ მაგისტრალებზე უტარებდნენ, სადაც მეტნაკლებად პროგნოზირებადი პირობებია.
„გუგლი“ თავის ექსპერიმენტებს კალიფორნიაში ატარებს, რისთვისაც სპეციალურად ეკიპირებულ „ტოიოტა პრიუსს“ იყენებს. ამერიკული ინტერნტ კომპანია აცხადებს, რომ უკვე მზადაა ქალაქის ქუჩებში ტესტირებისთვის. თავის მხრივ, „ვოლვო“ შვედეთში აგრძელებს მუშაობას (მისი პროგრამის სახელწოდებაა დრაივ მი - მმართე) და ქალაქ გიოთენბურგის ქუჩებში გამოსაცდელად, სპეციალური ეკიპირებით 100 ავტომობილი აღჭურვა.
„ვოლვოს“ ტექნიკური სპეციალისტი ერიკ კოელინგი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ავტომობილებს უკვე „ასწავლა“ ზოლში გადაადგილება, სიჩქარის რეგულირება, მწყობრად გადაადგილება. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროგრამა „დრაივ მი-ს“ განხორციელების გზაზე. ამ პროცესში მიმდინარეობს ტექნოლოგია „ავტოპილოტის“ ტესტირება, რომელიც იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილის მართვა მთლიანად ელექტრონიკას გადააბაროთ. ის კი მართვის ყველა ფუნქციას უნაკლოდ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ შეასრულებს.
„გუგლმა“ თავისი თვითმავალი ავტომობილით, სან ფრანცისკოს მახლობლად მდებარე მაუნტინ ვიუს ქუჩებში, ასობით ათასი სატესტო კილომეტრი გაიარა, რა დროსაც, ვიდეოკამერებს, რადარულ სენსორებს, ლაზერულ სისტემებსა და ჩვეულებრივი ავტომობილებისგან მიღებულ მონაცემებს იყენებდა. ტესტების დროს, მის თვითმავალ ავტომობილებს ერთადერთი ინციდენტი შეემთხვა და ისიც სხვა მანქანის მძღოლის შეცდომის გამო.
კალიფორნიული კომპანიის თვითმავალი ავტომობილების პროექტის დირექტორი კრის ურმსონი ამბობს, რომ ქალაქის ქუჩებში ასეთი ავტომობილების გამოცდა გაცილებით რთულია, ვიდრე იგივე სამუშაოს მაგისტრალზე შესრულება. ამის მიზეზი ისაა, რომ ქალაქში ასობით ავტომობილი სხვადასხვა რიტმით, მიმართულებით მოძრაობს და ისინი სხვადასხვა სიტუაციებს ქმნიან. „ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი მოწყობილობა და მათი მართვის პროგრამები, რისი წყალობითაც, სისტემას ასობით მოძრავი და უძრავი ობიექტის, მათი ჟესტიკულაციების გაკონტროლება შეუძლია“, - ამბობს ურმსონი.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტექნოლოგიებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორის, „ფორდი“, „აუდი“, „ნისანი“, „ფოლკსვაგენი“, „ტოიოტა“. „მერსედეს-ბენცმა“ კი გამოაცხადა, რომ ავტონომიურად მართვის სისტემით აღჭურვილი S-კლასის გაყიდვას 2020 წელს დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა „გუგლი“ რომელიმე ავტომწარმოებელთან პარტნიორობას.

No comments:

Post a Comment