Thursday, May 8, 2014

ეკლსტოუნი: აზერბაიჯანი კორეას შეცვლის

Ecclestone: Azerbaijan will replace Korea on F1 calendar
8 მაისი
ფ1-ის ვეტერანი ბოლიდების საჩვენებელი რბოლა ბაქოში (2013)
რადგან ამას ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, ეს უკვე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ფორმულა ერთის რბოლის ჩატარების საკითხი დადებითად გადაწყდა. ბერნიმ ისიც კი განაცხადა, რომ ბაქოს რბოლა, მომავალი სეზონის კალენდარში კორეის დიდ პრიზს ჩაანაცვლებს, რომელიც მისი დებიუტისთანავე, მწირი დასწრებით გამოირჩევა.
„იქ (კორეაში) დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ბაქოსთან კონტრაქტი ხელმოწერილია. ის კალენდარში 2015 წელს იქნება და კორეას შეცვლის. მათ (კორეელებმა) კარგად იმუშავეს და კარგი ტრეკი ააშენეს, მაგრამ ყველაფერი, რასაც გეგმავდნენ, მაინც ვერ გააკეთეს“, - ამბობს ბერნი და გუისხმობს იმას, რომ სეულიდან გვარიანად დაშორებული პიონჩანის ტრეკის ირგვლივ, შესაფერისი ინფრასტრუქტურა არ მოეწყო, რამაც განაპირობა კიდეც რბოლებზე დასწრების დაბალი დონე.
გამოცემა „ფ1 ბიზნესის“ ჟურნალისტ კრისტიან სილტის თქმით, აზერბაიჯანთან კონტრაქტის გაფორმებას ფლავიო ბრიატორე შუამავლობდა, ვინც ფ1-დან კი არის განდევნილი, მაგრამ ეკლსტოუნთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს. სილტის თქმით, აზერბაიჯანში რბოლის ჩატარების იდეა, ბრიტორემ პირადად ჩააწვეთა ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევს.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს სანაპირო ზოლში შარშან FIA GT-ს სეზონის ბოლო რბოლა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა საკუთარ გუნდთან ერთად მიიღო. იგივე სერიის ბოლო ეტაპი იქ წელსაც გაიმართება.

No comments:

Post a Comment