Tuesday, April 8, 2014

„მერსედეს-ბენცის“ ავტომობილების საშუალო ხარჯი შემცირებულია

Mercedes-Benz Fleet Fuel Consumption Drops in 2013
8 აპრილი
სულ ცოტა ხნის წინ, „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილები, გერმანულ პრემიუმ კომპანიების ტრიოში, ყველაზე ხარჯიანად იყო მიჩნეული. მაგრამ სამქიმიანებმა ამ ნაკლის გამოსწორება დაისახეს მიზნად და შესანიშნავ შედეგსაც მიაღწიეს. მათს სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, 134 გრამამდე შემცირდა. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 6 გრამით არის შემცირებული.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის, ეს შესაძლოა ბევრს არაფერს ნიშნავდეს. მაგრამ 134 გრამი კილომეტრზე, 100 კილომეტრზე 5.4 ლიტრი საწვავის მოხმარების ტოლფასია. ეს კი ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ფუფუნებასა და კომფორტზე ორიენტირებული ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული, შესანიშნავი მაჩვენებელია.
„ჩვენი ახალი ინიციატივის შესაბამისად, ვაპირებთ, რომ 2020 წლამდე ისევ მოწინავე პრემიუმ მწარმოებელი გავხდეთ. ახალი ტექნოლოგიების ინტენსიურად დანერგვის წყალობით, უკვე მივაღწიეთ ეფექტურობის მაღალ დონეს. პრაქტიკულად ყველა სეგმენტში, ჩვენს მომხმარებელს ისეთ ავტომობილებს ვთავაზობთ, რომლებიც თავიანთ კლასში, გამონაბოლქვის მხრივ, საუკეთესონი არიან“, - ამბობს „დაიმლერის“ მმართველი საბჭოს წევრი, პროფესორი თომას ვებერი, ვინც „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილების კვლევისა და განვითარების შტოს უძღვება.
ამჟამად, „მერსედეს-ბენცი“ მყიდველს 50 ისეთ ავტომობილს სთავაზობს, რომლებიც ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 120 გრამ, ან ამაზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფენ. უფრო მეტიც, შეთავაზებაშია 71 ისეთი მოდელი, რომელთა გამონაბოლქვშიც CO2-ის შემცველობა ყოველ კილომეტრზე მაქსიმუმ 130 გრამია. საერთო ჯამში, კომპანიის სამოდლო გამაში 121 მოდელი და მათი მოდიფიკაციებია, რომელთა ჯამური მაჩვენებელი, 134 გრამია, საწვავის ხარჯი კი - 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრი საწვავი (ორივე ტიპის).
და თუ ეს მშრალი რიცხვები ისევ ბევრს არაფერს ამბობს, მაშინ შეგახსენებთ, რომ ამ 121 მოდელსა და მოდიფიკაციებს შორის, V8 და V12 ძრავებით აღჭურვილი, მათ შორის, AMG-ს ავტომობილებიც მოიაზრება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სამქიმიანების ამავე გამაში, 8 ელექტრომობილიც შედის. და ეს ამ ტიპის ავტომობილების ყველაზე დიდი გამაა საავტომობილო ინდუსტრიაში. და ერთი ამდენიც მალე გამოვა ბაზარზე.

No comments:

Post a Comment