Sunday, April 20, 2014

ჰამილტონის პირველი ეთ-თრიკი, „მერსედესის“ მესამე დუბლი

Motor racing-Hamilton wins Chinese GP in Mercedes one-two
20 აპრილი
ოთხი რბოლიდან რომ სამს მოიგებ, ეს ბევრის მთქმელია. ჰამილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ამ სეზონში მას ბადალი არ ეყოლება. თუმცა, ჩემპიონობისთვის ეს მაინც არ კმარა და თუ არ გჯერათ, კლასიფიკაციას გადახედეთ - ის გეტყვით, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში, უმთავრესი ფაქტორი სტაბილურობა იქნება. ისეთი სტაბილურობა, რომელიც ნიკო როსბერგს, ერთი გამარჯვებითაც ლიდერობის საშუალებას აძლევს!
აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მამამისი - კეკე როსბერგი, რომელმაც 1982 წლის სეზონში ერთადრთი გამარჯვებით შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მართალია, იმ სეზონში ფ1-ში წარმოუდგენლად მკაცრი კონკურენცია იყო და ტიტულისთვისაც რამდენიმე გუნდის პილოტები იბრძოდნენ, რაც ყოველ ქულას ოქროს ფასს ადებდა, მაგრამ ამჯერად სულ სხვა ფაქტორი მოქმედებს, რამაც შესაძლოა ნიკო დიდ გამარჯვებამდე მიიყვანოს.
ეს ფაქტორი სტაბილურობაა: ჰამილტონი რომ ამჟამად ლიდერი არაა, ეს პირველი რბოლის უქულოდ დასრულების ბრალია. თუ წინა სეზონებისთვის თვალის გადავლება არ დაგვეზარება, შევნიშნავთ, რომ როსბერგი ყოველთვის უფრო ხშრად ახერხებს რბოლების დასრულებას. მოკლედ, ჰამილტონის კოზირი სისწრაფეა, როსბერგისა კი - სტაბილურობა. და სეზონის ბოლოს, ორივე კოზირს შეიძლება თანაბარი ძალა ჰქონდეს...
„ჯერაც ვერ ვიჯერებ, მანქანა ისეთი კარგია. ისღა დამრჩენოდა, საკუთარი სიამოვნებისთვის მერბოლა. ეს გუნდი შეუჩერებელია, გარწმუნებთ“, - განაცხადა ჰამილტონმა, სტარტიდან ფინიშამდე არავის დაუთმო მოწინავე პოზიცია. ეს მისი 25-ე გამარჯვებაა, რითაც ლეგენდარულ შოტლანდიელ ჯიმ კლარკს გაუსწორდა. სხვათა შორის, შანჰაიშივე კვალიფიკაციის მოგებით, პოულების რაოდენობით (34) იმავე კლარკს გადაასწრო.
როსბერგს სტარტზე პრობლემები შეექმნა: სასტარტო რიგში დადგომამდე, მას რადიოთი აცნობეს, რომ ტელემეტრია არ მუშაობდა. მწვანე შუქზე კი ჯერ ფელიპე მასამ და ფერნანდო ალონსომ გაასწრეს, შემდეგ კი ვალტერი ბოტასი დაეჯახა. თუმცა, ამან მანქანა არ დაუზიანა და თანდათან შეძლო მეორე ადგილამდე დაწინაურება. სტარტზე მასა შეუდარებელი იყო - მან როსბერგის გასწრების შემდეგ, დანიელ რიკარდოს და ალონსოსაც შეუტია, მაგრამ ესპანელისგან ფიშტი მიიღო. ბედად, ამ შეჯახებასაც არ გამოუწვევია მანქანების დაზიანება.
ალონსომ, ვინც შანჰაის რბოლა შარშან მოიგო, რბოლის მესამე ადგილზე დასრულება შეძლო, რაც ამ სეზონში „ფერარის“ და მისი ახალი შეფის, მარკო მატიაჩის პირველი კვარცხლბეკია. ალონსო თავისი შედეგით გაოცებული დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ნარბოლევს განაცხადა, კვარცხლბეკზე ასვლა ჩემთვის მოულოდნელობააო. „...მაგრამ ეს სასიამოვნო მოულოდნელობაა. სხვა თუ არაფერი, ამ კლასიფიკაციაში ამ ბიჭების უკან ვარ. მართალია, სეზონის უკეთეს დასაწყისს ვისურვებდით, მაგრამ მთავარია, რომ ჯერჯერობით, ბრძოლას ვახერხებთ“, - განაცხადა ალონსომ.
ესპანელმა უკან მოიტოვა „რედ ბულის“ ორივე პილოტი, რომელთაგან უფრო სწრაფი ამჯერადაც დანიელ რიკარდო იყო. ალონსომ ავსტრალიელს სტარტზევე გაასწრო, პირველ პიტსტოპზე კი ფეტელიც უკან მოიტოვა, რის შემდეგაც ისინი წინ აღარც გაუშვია. თუმცა, მეორე ადგილი ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა - 42-ე წრეზე როსბერგმა გაასწრო. შუა რბოლაში კი რიკარდო ფეტელს წამოეწია. მისი ტემპი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონისაზე წამზე მეტით უკეთესი იყო. და გუნდმა ფეტელს უკარნახა - რიკარდო შენზე სწრაფია და გაატარეო. გერმანელმა ერთხელ არ გაუშვა თანაგუნდელი, თუმცა მეორე შეტევაზე წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. რიკარდომ ამის შემდეგ ალონსოს დაწევაც სცადა, მაგრამ მიზნამდე (მესამე ადგილამდე) სამწამნახევარი დააკლდა.
მასამ კი, რომელმაც სტარტზე გაიბრწყინა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა. მას პირველ პიტსტოპზე ბორბლის გამოცვლა გაუჭიანურეს, რაზეც იმდენი დრო დაკარგა, რომ ანაზღაურება ვეღარ შეძლო და ფინიშს მე-15 ადგილზე მიაღწია. „უილიამსს“ ქულები მხოლოდ ვალტერი ბოტასმა მოუტანა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა.


ჩინეთის დიდი პრიზი
შანჰაი, დისტანცია 305.066 კმ (56 წრე, 5.451 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:33:28.338
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   +00:18.062
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:23.604
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          00:27.136
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            00:47.778
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          00:54.295
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  00:55.697
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           01:16.335
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    01:22.647
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                 1 წრე
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1 წრე
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1 წრე
13. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                     1 წრე
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      1 წრე
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                     1 წრე
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1 წრე
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1 წრე
18. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              2 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 28 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    51 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:40.402, 39-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 79 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 75; 3. ფერნანდო ალონსო - 41; 4. ნიკო ჰულკენბერგი - 36; 5. სებასტიან ფეტელი - 33; 6. დანიელ რიკარდო - 24; 7. ვალტერი ბოტასი - 24; 8. ჯენსონ ბატონი - 23; 9. კევინ მაგნუსენი - 20; 10. სერხიო პერესი - 18; 11. ფელიპე მასა - 12; 12. კიმი რაიკონენი - 11; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 14. დანილ კვიატი - 4

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 154 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 57; 3. ფორს ინდია-მერსედესი - 54; 4. ფერარი - 52; 5. მაკლარენ-მერსედესი - 43; 6. უილიამს-მერსედესი - 36; 7. ტორო როსო-რენო - 8

No comments:

Post a Comment