Sunday, February 9, 2014

„ნისან ZEOD RC“ მინიატურული და მძლავრი ძრავით

Nissan ZEOD RC Gets a 400HP 1.5L Turbo Engine You Can Hold in Your Hands
9 თებერვალი
ამ ავტომობილს ისედაც უჩვეულო გარეგნობა აქვს, უჩვეულო ტექნოლოგიებით მზადდება და ახლა კიდევ ერთი უჩვეულო დაემატა. ესაა უახლესი სამცილინდრიანი ტურბო ძრავი DIG-T R, რომლითაც ჰიბრიდული სარბოლი ავტომობილი, სახელად ZEOD RC, ლე მანის წლევანდელ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს 1.5-ლიტრიანი ძრავი ნამდვილი საინჟინრო შედევრია: ტურბო კომპრესორთან ერთად, ის სულ რაღაც, 40 კილოგრამს იწონის. ამასთან, 400 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ანუ, ძრავის ყოველ კილოგრამზე 10 ცხენის ძალა მოდის. ანუ, ამ ფარდობით, ის ფორმულა 1-ის უახლეს ტურბო ძრავებსაც კი სჯობნის!
ახალი ძრავი, რომელიც წუთში მაქსიმუმ 7 500 ბრუნს ავითარებს, კომპაქტური გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიმაღლე 500 მილიმეტრია, სიგრძე 400 მილიმეტრი და სიგანე 200 მილიმეტრი. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ასეთ კომპაქტურ ძრავს, თვითმფრინავით მგზავრობის დროსაც კი უპრობლემოდ გადაიტანთ.
ცნობისათვის, სარბოლი ZEOD RC ორი ძრავითაა აღჭურვილი. შიდაწვის ძრავთან ერთად, ავტომობილს მბიძგველ ძალას ელექტრო ძრავიც ანიჭებს, ორივე კი 5-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ძალურ დანადგარში შედის კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემაც. ავტომობილს ლე მანის რბოლისას, პერიოდულად ერთი წრის გავლა მხოლოდ ელექტრო ძრავით მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „ნისანი“ ამავე ტექნოლოგიის სერიულ ავტომობილებზე დანერგვასაც გეგმავს.
ლე მანის რბოლისას, „ნისან ZEOD RC“ 56-ე გარაჟს დაიკავებს, რომელიც რბოლის ორგანიზატორ ACO-ს წესებით, იმ გუნდს გადაეცემა, რომელიც თავის სარბოლ ავტომობილზე ისეთ რევოლუციური სიახლით აღჭურვავს, როგორიც ადრე ამ რბოლაში არასდროს გამოუყენებიათ.
„ჩვენ პირველი დიდი საავტომობილო კომპანია ვიქნებით, რომელიც ასეთი დონის საერთაშორისო რბოლაში, სამცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი სარბოლი ავტომობილით იასპარეზებს. ამ ძრავით, ჩვენ „დაპატარავების“ ტენდენციას ვაგრძელებთ, რაშიც მსოფლიო ლიდერები ვართ. ამ ძრავის შემუშავებისა და განვითარების პროცესში დაგროვილ გამოცდილებას კი საგზაო ავტომობილებზეც აუცილებლად გამოვიყენებთ“, - ამბობს „ნისანის“ გლობალური მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი დარენ კოქსი.

No comments:

Post a Comment