Saturday, February 1, 2014

კენ ბლოკის ახალი სათამაშო - „ფორდ F-150 რეპტორ TRAX“

This is Ken Block’s New Toy, the Ford F-150 RaptorTRAX
1 თებერვალი
კენი ბლოკი, „ჯიმხანა“ და „ფორდ ფიესტა“ - ეს სახელები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ბლოკი რალი-ქროსისა და დრიფტის ლომია, 600-ცხენისძალიანი „ფიესტა“ სუპერ ავტომობილებსაც მისცემს ფორას, „ჯიმხანას“ ექვსივე სერია კი პირველივე წამიდან ისე დაგიპყრობთ, ტიტრების დანახვის შემდეგღა გაგახსენდებათ ამოსუნთქვა... მოკლედ, მაგარი სამეულია, მაგრამ ამასწინათ, ბლოკმა უფრო მეტი მოისურვა, რაღაც თოვლთან და მთასთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, არა თხილამური...
ეს „რაღაც“ ახლახანს „ფორდმა“ გაუმზადა, ოღონდ არა „ფიესტას“ ბაზაზე. ამჯერად საჯირითოდ პიკაპ „ფორდ F-150 რეპტორი“ გამოიყენეს, ოღონდ ბორბლების ნაცვლად მას... მუხლუხები დაუყენეს - თითო სამკუთხა მუხლუხა ყოველი ბორბლის ადგილზე. რა მხეციც მიიღეს, იმას სახელად „ფორდ F-150 რეპტორ ტრექსი“ (TRAX) დაარქვეს. ეს „რაღაც“ მართლა მხეცია და სახელიც შესაფერისი აქვს. ისედაც ხომ „რეპტორი“ ტირანოზავრია, ტრექსი კი ამ გიგანტური მტაცებელი ხვლიკის მეორე სახელს - ტირექსს მოგაგონებთ.
„F-150 რეპტორ ტრექსი“, ამერიკულ კომპანია „სპეშლ ვიიქლ კონცეპტსის“ (კალიფორნიაშია ბაზირებული) სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა. მისთვის ასევე ამერიკულ კომპანია „მეტტრეკის“ წარმოების მუხლუხები გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ავტომობილი იმავე ფერებში გამოეწყო, როგორითაც „ჯიმხანას“ მთავარი გმირი „ფიესტაა“ ხოლმე გამოწყობილი. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, ეს არის მსოფლიოში უსწრაფესი თოვლმავალი - ახალი „ჯიმხანასთვის“ სხვანაირი არც გამოადგებათ.
„მე ძალიან მიყვარს ჩემი ყოველდღიური ფორდ რეპტორი, რომელიც მთის ქალაქ პარკ სიტიში ძალიან საჭირო რამაა. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ახალი თავგადასავლისთვის მანქანა სწორედ რეპტორის ბაზაზე უნდა გაეკეთებინათ. ეს ნამდვილი მხეცია და მისი დანახვისას გაოცებული დავრჩი. ახლა მოუთმენლად ველი მომენტს, როცა ამ მხეცზე ამხედრებული, ჩემს მეგობრებთან ერთად, სნოუბორდებით სასრიალოდ წავალ“, - განაცხადა აღტაცებულმა ბლოკმა.
„რეპტორ ტრექსი“ აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოდ ის 900 ცხენის ძალამდე იქნება, რაშიც ძრავს მექანიკური დამჭირხნი ეხმარება. ინტერიერი ფოლადის მილებისგან შეკრული კარკასითაა გაძლიერებული, სავარძლები „რეკაროს“ წარმოებისაა, რა თქმა უნდა, სარბოლო. დაკიდების სისტემა - სრული ოფროუდი. სალონში ასევე არის ადგილი, სადაც ბლოკი და მისი მეგობრები, საგზალს ჩააწყობენ - სნოუბორდმა დროის შეგრძნების დაკარგვა იცის და სრიალით გართულს დანაყრება არ აწყენს.
და რა თქმა უნდა, „რეპტორ ტრექსი“ მხოლოდ ბლოკის ახირების შესასრულებლად არ შეუქმნიათ. „ჯიმხანას“ მორიგ ფილმს სწორედ ამ ავტომობილის მონაწილეობით გადაიღებენ. რა თქმა უნდა, საჭესთან ბლოკი უნდა იჯდეს...

No comments:

Post a Comment