Monday, February 17, 2014

„ფერარის“ ძრავის თავისებურება

Ferrari engine stops spark to save fuel - report
17 თებერვალი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა „ფერარი“ თავის ახალ ბოლიდ F14-T-ზე ისეთ ტექნიკურ სიახლეს იყენებს, რომელიც ძალური დანადგარის კომპონენტების ეფექტური გაგრილების საშუალებას იძლევა. ეს კი მარანელოელებს შესამჩნევად მომცრო გაბარიტების სარადიატორე ჰაერის ამღებების გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც ავტომობილის აეროდინამიკას აუმჯობესებს.
გარდა ამისა, როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ გვამცნობს, მთავარი ინოვაციით „ფერარის“ უახლესი V6 ძრავი გამოირჩევა. მასში გამოყენებულია სისტემა, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემაშია ინტეგრირებული და მისი მეშვეობით, ძრავის ტემპერატურის შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნება ხერხდება.
ამ სისტემის თავისებურება ისაა, რომ როცა ძრავი ნაკლებად დატვირთულია, ცალკეული ცილინდრების, ან ყველა ცილინდრის წვის კამერაში საწვავის მიწოდება ჩერდება. შესაბამისად, მასში აღარ ხდება წვა და არც თბური ენერგია გამოიყოფა. რა თქმა უნდა, ამ დროს ძრავი ნაკლებად გაგრილებას საჭიროებს. თანაც, იზოგება საწვავი, რასაც ახალ სეზონში არანაკლები მნიშვნელობა მიენიჭება.
„მერსედესის“ აღმასრულებელი დირექტორი (ტექნიკური განხრით) პადი ლოუ იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში საწვავის დაზოგვის აუცილებლობა არ მოახდენს გავლენას რბოლების მსვლელობასა და შედეგებზე. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ ამ საკითხს ზედმეტად უთმობენ ყურადღებას.
იმავდროულად, ძრავების სრულყოფაზე მუშაობას მალე რეგლამენტი აკრძალავს. ანუ, ძრავები „გაიყინება“ და გუნდებს იმ აგრეგატებით მოუწევთ ასპარეზობა, რაც მათს განკარგულებაში ბაჰრეინის ტესტების დროს იქნება. თუმცა, „რენო“ იმედოვნებს, რომ რეგლამენტი ძრავზე მუშაობის საშუალებას მისცემს, რათა საიმედობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს. თუმცა, „რენო სპორტის“ რემი ტაფენი იმასაც აღიარებს, რომ ძრავს არც ისეთი პრობლემები აქვს, რომ კომპანიის კლიენტებს საპანიკოდ ჰქონდეთ საქმე და ყველა ეს პრობლემა ბაჰრეინს ტესტებამდე მოგვარებული იქნება.

No comments:

Post a Comment