Thursday, December 5, 2013

„ფერარი“ შეიძლება ლე მანზე LMP1 პროტოტიპით დაბრუნდეს

Ferrari open to LMP1 programme with Formula 1 turbo engine
5 დეკემბერი
შესაძლოა, „ფერარი“ ლე მანის 24-საათიან რბოლას, LMP1 კლასის სარბოლი პროტოტიპით დაუბრუნდეს. და თუ ეს მოხდა, დიდი ალბათობით, ავტომობილი იმ ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლითაც მარანელოელები მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში იასპარეზებენ. იტალიური კომპანიის სპორტულ აქტივობათა (ფ1-ის გარდა) ხელმძღვანელმა ანტონელო კოლეტამ განაცხადა, რომ მისი კომპანია სწავლობს ლე მანის სერიის ახალ რეგლამენტს, რომელიც მომავალი სეზონიდან ამოქმედდება.
მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „ფერარიმ“ თავად შეიმუშაოს სარბოლი პროტოტიპის შასი და საკუთარივე წარმოების V6 ტურბო ძრავით აღჭურვოს, რომელსაც მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში გამოიყენებს. ერთი მხრივ, გამძლეობაზე რბოლისთვის შექმნილი პროტოტიპი, შესანიშნავი სატესტო საშუალება იქნება ძრავისთვის. მეორე მხრივ, ლე მანზე დაბრუნება, მარანლოელთა ინტერესებშია - სხვა თუ არაფერი, ეს პრესტიჟის საქმე იქნება.
მაგრამ კოლეტა ირწმუნება, რომ თუ „ფერარი“ გადაწყვეტს საკუთარი პროტოტიპის შექმნას, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი შესაძლებლობა გვექნება მომავალში. მაგმარ ამჟამად მხოლოდ ფ1-ზე ვართ მობილიზებულნი. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა საქმეზე ხელის მოკიდებას უახლოეს მომავალში არ ვაპირებთ. ანუ, „ფერარი“ არ ამბობს, რომ LMP1-ში გამოსვლას აპირებს, მაგრამ იმავდროულად, არც იმას ამბობს, რომ ამას არც მომავალში გეგმავს. ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ეს ხედვა 2015, ან 2016 წლის იქით ვრცელდება“.
კოლეტა დასძენს, რომ თუ „ფერარი“ გადაწყვეტს LMP1 კლასში „აუდისთან“, „ტოიოტასთან“, „პორშესთან“ და „ნისანთან“ პაექრობას, ეს ნიშნავს, რომ ტრეკზე საკუთარ მანქანას და საქარხნო გუნდს გამოიყვანს და მხოლოდ ძრავის მიწოდებით არ შემოიფარგლება. ცნობისათვის, მარანელოელებმა საკუთარი გუნდით ლე მანზე ბოლოს 1973 წელს იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ პროტოტიპების კლასში დაბრუნებაზე „რენოც“ ფიქრობს და ფრანგული კომპანიაც საკუთარი შასით და ძრავით ასპარეზობის შესაძლებლობას განიხილავს. არაა გამორიცხული, რომ მათი ლე მანზე გამოსვლის შემთხვევაში, იქ დაბრუნება „მაკლარენმა“ და „მერსედესმაც“ ინებონ.

No comments:

Post a Comment