Thursday, December 19, 2013

ავტობუსი „უილი“ LCD ბილბორდებით

Willie bus concept plasters public transport with LCD billboards
19 დეკემბერი
ტაქსის სახურავზე, ან ავტობუსებზე სარეკლამო დაფებისთვის ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება - ეს პროდუქციის და მომსახურების რეკლამირებისთვის ეფექტური და მასობრივი საშუალებაა, რომელიც თუნდაც ერთხელ მაინც დაგაინტერესებთ მასში გადმოცემული ინფორმაციით. მაგრამ ასეთი დაფები მხოლოდ ერთი რომელიმე პროდუქტის რეკლამისთვის გამოდგება და მისი გამოცვლა სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
იმავდროულად, ავტობუსებსა და ტაქსებშიც კი (ჩვენთან ტაქსებში ჯერ ასეთ რამეს ვერ ნახავთ), სულ უფრო ხშირად ნახავთ მონიტორს, რომელზეც უკვე ხმოვანი რეკლამის ნახვა შეიძლება. მაგრამ ასეთი ეკრანები პატარაა და ყურადღებასაც ნაკლებად იქცევს. სულ სხვა იქნებოდა, ეკრანების ავტობუსების კედლებზე გარედან განთავსება რომ შეიძლებოდეს, მაგრამ როგორ?
ამაზე პასუხი დიზაინერ ტედ ორლოვსკის აქვს, რომელმაც შეიმუშავა ისეთი კონცეპტუალური ავტობუსი, სახელად „უილი“, რომელსაც გვერდები მთელ სიგრძეზე, დიდი და მთლიანი თხევადკრისტალური ეკრანებით აქვს დაფარული. ამ ეკრანებზე კი მრავალფეროვანი ინფორმაციის ჩვენებაა შესაძლებელი. მაგალითად, მარშრუტის შესახებ, ფასიანი რეკლამა, ტელეტრანსლაციებისაც კი. თანაც მაღალი ხარისხით.
სხვათა შორის, ასეთი გარე ეკრანებით ავტომობილის დაფარვის იდეა ახალი არაა. ამ მიმართულებით ექსპერიმენტებს უკვე ატარებს „ტოიოტა“, რომელმაც უკვე რამდენიმე ასეთი კონცეპტუალური მსუბუქი ავტომობილი შეიმუშავა, მათ შორის, Fun-Vii და FV2. მსგავსი კონცეპცია შემუშავებული აქვს „დაიმლერსაც“. თუმცა კონცეპციებს ჯერ არცერთი კომპანია არ გასცდენია.
სხვათა შორის, „ტოიოტამ“ პირველად Fun-Vii ტოკიოს მოტორ შოუზე, ორი წლის წინ წარადგინა. დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე კი მისი განახლებული ვერსია გაიტანა, რომლის ძარაც უკვე რთული ფორმის სენსორული ეკრანი იყო. ამ კონცეპციამ არამარტო დამთვალიერებლების, არამედ სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია. ის იმითაცაა საინტერესო, რომ ავტომობილს ფერის შეცვლა შეუძლია, როცა ამას მისი მფლობელი მოისურვებს. გაფორმების ვარიანტები კი შეუზღუდავია.
ორლოვსკის „უილის“ შემთხვევაში, აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ ეკრანისთვის გამოყენებული იყოს ავტობუსის რაც შეიძლება მეტი გარე ფართობი. ძარის ჩვეულებრივი პანელები მან LCD გამჭვირვალე ეკრანებით შეცვალა. მის დასამაგრებლად კი ორგანული მასალისგან მზიდი სტრუქტურა შეიმუშავა. რამდენადაც ეკრანები გამჭვირვალეა, მგზავრებისთვის ქუჩები დაფარული არაა.
ორლოვსკი ამბობს, რომ ავტობუსის სხვადასხვა პანლზე განსხვავებული სახის ინფორმაციის ჩვენებაც იქნება შესაძლებელი. ამასთან, პანელები შეიძლება სენსორული ეკრანებიც იყოს, რომლებზეც დაინტერესებული პირი, მისთვის სასურველ ინფორმაციას (მაგალითად, ტურისტულ ინფორმაციას) თავად მოძებნის. ერთადრთი პრობლემა, რაც ასეთი ავტობუსის დამზადებისას შეიძლება წარმოიქმნას, თხევადკრისტალური პანელების სიძვირეა. თუმცა, ზედმეტი თანხის დასაფარად, რეკლამიდან მიღებული თანხის გამოყენება შეიძლება. 

No comments:

Post a Comment