Tuesday, December 24, 2013

ახალ „ფერარის“ პირველი რაიკონენი გამოსცდის

Raikkonen to get first taste of 2014 Ferrari
24 დეკემბერი
„ფერარის“ ახალ ბოლიდს, რომლითაც იტალიური გუნდი მომავალ სეზონში ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, პირველი კიმი რაიკონენი გამოსცდის. ოთხდღიან ტესტებზე, რომლებსაც ესპანეთის ქალაქ ხერესის ტრეკი იანვრის ბოლოს უმასპინძლებს, პირველ ორ დღეს ტრასაზე ფინელი მრბოლი გაატარებს, დარჩენილ ორ დღეში კი მას ფერნანდო ალონსო შეცვლის.
რაიკონენმა გასული სეზონის მიწურულს წელზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ, ორი რბოლა გააცდინა. ფინელი მრბოლი „ფერარის“ ბოლო ჩემპიონია - ტიტულს 2007 წელს დაეუფლა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, იტალიურმა საჯინიბომ კონტრაქტი ნაადრევად შეუწყვიტა და მის ადგილზე ალონსო მიიწვია. ახლა კი, ის ფელიპე მასას ადგილს იკავებს, რომელიც „უილიამსში“ გადაბარგდა.
„ის იმიტომ გვიბრუნდება, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტი გვაქვს და ამის გამო, ალონსოს გვერდზე ძალიან გამოცდილი პილოტი გვესაჭიროება. ჩემი აზრით, კიმი რაიკონენი ჩვენს მოთხოვნებს უკეთ შეესაბამება, ვიდრე ფელიპე მასა. ბევრი ამ სვლას დიდ რისკად აფასებს, მაგრამ მე ამ საქმეში 70-იანი წლებიდან ვარ და ვიცი, რომ ფორმულა ერთი და რისკი განუყოფელია და ამას უნდა შეეგუო“, - ამბობს „ფერარის“ შეფი ლუკა დი მონტეძემოლო.
ალონსო მიჩვეულია იმას, რომ პირველი პილოტის სტატუსი აქვს და ამ მხრივ, მას მასასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა. რაიკონენი კი არაფრით დაუშვებს იმას, რომ მეორე პილოტად ვინმეს ემსახუროს. სხვათა შორის, როცა მასა მისი თანაგუნდელი იყო, არც თავად პირველპილოტობდა. მაგრამ ესპანელი ირწმუნება, რომ მას სტატუსები არ ადარდებს. უფრო მეტიც, აისმენთან პარტნიორობას მოუთმენლად ელის.
„ძალიან მიხარია, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომეცემა. ის არაჩვეულებრივად ნიჭიერი პილოტია და სხვა თუ არაფერი, „ფერარის“ ბოლო ჩემპიონია. მისგან ძალიან ბევრს ვისწავლი“, - ამბობს ალონსო, ვისაც 2007 წელს სწორედ რაიკონენმა დააკარგვინა მესამე ტიტული - ალონსო ფინელს ერთი ქულით ჩამორჩა. ახალ თანაგუნდელთან ურთიერთობების მოსალოდნელ გამწვავებაზე ალონსო არაფერს ამბობს - მასთან ერთად ათ წუთზე მეტი არასდროს ვყოფილვარ და წესიერად არც ვიცნობ და მაგ თემაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებო - არის ალონსოს პასუხი.

No comments:

Post a Comment