Wednesday, August 7, 2013

ფრანკფურტის წინ „ბეემვე“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ i8-ს გვაცნობს

BMW Details Production i8 Plug-in Hybrid Coupe Ahead of Frankfurt Debut
7 აგვისტო
ფრანკფურტის საავტომობილო ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე „ბეემვე“ იქნება, რომელიც დამთვალიერებლებს და სპეციალისტებს რამდენიმე მსოფლიო პრემიერას უმზადებს. მათ შორის იქნება ორი ელექტრომობილი, რომელთაგან ერთის - i3-ის პრეზენტაცია ერთდროულად სამ ქალაქში უკვე ჩატარდა და რომელიც ფრანკფურტული შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება ბავარიელთა დილერების შოურუმებში. მეორე კი - i8, ბაზარზე მომავალი წლიდან გამოვა.
ამ ეტაპზე, ბავარიულმა კომპანიამ სპორტული ელექტრომობილის მხოლოდ შასის და სატესტოდ შენიღბული ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა და მისი აგებულება და მახასიათებლებიც გაგვაცნო. პირველი, რაც უნდა ითქვას ისაა, რომ ეს ავტომობილი თავიდანვე სპორტულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილად იყო ჩაფიქრებული, რომელშიც „მწვანე“ და სპორტული მახასიათებლები უნდა ყოფილიყო შეხამებული.
ავტომობილს ორი ძრავი ემსახურება. ბენზინის 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც 228 ცხენის ძალას აღწევს, 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის გავლით, უკანა ბორბლებს ატრიალებს. ელექტრო ძრავი კი, რომელიც 129 ცხენის ძალას იძლევა, წინა ბორბლებს ორსაფეხურიანი კოლოფის მეშვეობით უკავშირდება. ორივე ძღავს შეუძლია მუშაობა როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე. ასე რომ, ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც სრულ, ასევე წინა და უკანა ამძრავიანი. ერთად მუშაობისას, ჯამური მაბრუნი მომენტი 570 ნიუტონმეტრს აღწევს.
ელექტრო ენერგიის შესანახად, ავტომობილი აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ i8-მ მხოლოდ ელექტროძრავით 35 კილომეტრი გაიაროს. ელემენტები საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც იმუხტება და სპეციალური სწრაფად დასამუხტი მოწყობილობითაც. „კომფორტული“ რეჟიმით მოძრაობისას, ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრია, „ეკო პრო“ რეჟიმით მოძრაობისას კი 600 კილომეტრამდე იზრდება.
„ბეემვეს“ სპორტული ავტომობილისთვის ჯამური 357 ცხენის ძალა, ამ კომპანიის თაყვანისმცემლებს შეიძლება ეცოტაოთ კიდეც, მაგრამ ბავარიელებმა ამ შემთხვევისთვის გენიალური ბრიტანელი ინჟინრის, კომპანია „ლოტუსის“ დამაარსებელ კოლინ ჩეპმენის პრინციპები გაითვალისწინებს. ჩეპმენი თვლიდა, რომ თუ ავტომობილის წონას შეამცირებ, მაშინ აუცილებელი არ იქნება ექსტრემალურად დიდი სიმძლავრე. მოგვიანებით, სიმძლავრის საკომპენსაციო საშუალებად ჩეპმენმა აეროდინამიკაც გამოიყენა. i8-ს პროექტირებისას სწორედ ამ გზას გაჰყვნენ „ბეემვეს“ ინჟინრებიც.
მათ მზიდი სტრუქტურის შესაქმნელად კარბონის კომპოზიტი და ალუმინი გამოიყენეს. სასიცოცხლო მოდული, რომელიც მთლიანად კომპოზიტითაა გაკეთებული, ალუმინის ნახევრად ჩარჩოებს უკავშირდება, რომლებზეც საკიდარი და ძალური დანადგარები მაგრდება. კარბონით გაძიერებული პლასტიკის მეშვეობით, ფოლადის ექვივალენტურ სტრუქტურასთან შედარებით, წონის 50 პროცენტი დაიზოგა, ალუმინის შესაბამის სტრუქტურასთან შედარებით კი - 30 პროცენტით. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დამატებით ელექტრო ძრავით, მისი კოლოფით და ელემენტების ბლოკითაც არის აღჭურვილი, წონა მაინც 1490 კილოგრამზე მაღლა არ ავიდა. ეს კი მხოლოდ 22.7 კილოგრამით მეტია „პორშე 911 კარერას“ წონაზე, ავტომობილის, რომელსაც ბავარიელები i8-ს კონკურენტად მოიაზრებენ.
ახლა კი ტემპერამენტის შესახებ: „ბეემვე“ გვატყობინებს, რომ i8-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული. ამასთან, ავტომობილის საშუალო ხარჯი ას კილომეტრზე მხოლოდ 2.5 ლიტრია, ყოველ გავლილ კილომეტრზე ჰაერში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა კი - 59 გრამი. შედარებისთვის, „პორშე 911 კარერას“, რომელიც 395-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, სტანდარტული აჩქარებისთვის 4.3 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 297 კმ/სთ-ია. ასი კილომეტრის გასავლელად ამ მანქანას 9.1 ლიტრი ბენზინი სჭირდება, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი 215 გრამია.
i8-ს გაბარიტებია: სიგრძე 4 689 მილიმეტრი, სიგანე 1 942 მილიმეტრი, სიმაღლე 1 293 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 800 მილიმეტრი. ავტომობილის აეროდინამიკური კოეფიციენტი არის 0.26. ასეთ მაჩვენებელს ბავარიელებმა აეროდინამიკურ მილში ავტომობილის ინტენსიური ტესტირებით მიაღწიეს. რაც მთავარია, i8 ბევრი ისეთი ელემენტითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს გარსშემოდენილ ფორმას ანიჭებს. გარდა ამისა, ავტომობილს ძალიან დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრი აქვს, წინა და უკანა ღერძებს შორის წონა კი თანაბრადაა (50:50-ზე).
„ბეემვე“ i8-ს მსოფლიო პრემიერას ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩაატარებს.

No comments:

Post a Comment