Sunday, August 11, 2013

„აუდი კვატროს“ გამოშვება მაინც უწერია!

Frankfurt-Bound Audi quattro Concept Is Based on A6, Powered by 600 HP 4.0 TFSI
11 აგვისტო
სამი წლის წინ, ამ ლეგენდარული სახელის მქონე ავტომობილის პირველად გამოჩენიდან 30 წელი გავიდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, „აუდიმ“ პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „აუდი კვატრო“ წარადგინა. ეს ავტომობილი, თავისი გარეგნობით 1980-იანი წლების „კვატროს“ მოგაგონებდათ და მის თაყვანისმცემლებს იმედი გაუჩინა, რომ ინგოლშტადტელები მწვანე შუქს აუნთებდნენ.
მაგრამ ასე არ მოხდა. „აუდიში“რატომღაც ჩათვალეს, რომ კონცეპტუალური „კვატრო“ კომპანიის სამოდელო გამას ვერ მოერგებოდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაასახელეს. არადა, კონცეპტი ძალიან ეფექტური გამოვიდა. ის RS5-ის ბაზაზე დამზადდა, თუმცა 150 მილიმეტრით დამოკლებული ბაზა აქვს და 40 მილიმეტრით დადაბლებულია. მას მამოძრავებელ ძალას 2.5-ლიტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 408 ცხენის ძალაა. მართალია, კონცეპტი პროპორციებით და გარეგნობით ძელ „კვატროსთან“ ახლოსაა, მაგრამ სამწუხაროდ, „აუდი TT RS-ის“ სეგმენტურ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და წითელი შუქიც მეტწილად სწორედ ამან განაპირობა.
მაგრამ როგორც ჩანს, გერმანულმა კომპანიამ გამოსავალი მოძებნა და ფრანკფურტის წლევანდელი გამოფენისთვის კიდევ ერთი კონცეპტუალური „კვატრო“ მოამზადა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გერმანულ პრესაში გავრცელდა. უფრო მეტიც, „ინგოლშტადტელებს“ უკვე მისი წარმოებაც გადაწყვეტილი აქვთ, რადგან მათმა მარკეტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სამოდელო გამაში არ აქვთ „ბეემვეს“ მე-6 სერიის და „მერსედესის“ SL-ის კონკურენტი. ამ სიცარიელის შევსება კი სწორედ „კვატროს“ შეუძლია.
ამჯერად, ახალი კონცეპტი სედან A6-ის პლატფორმაზეა აგებული, მის კაპოტქვეშ კი 4.0-ლიტრიანი V8 ბიტურბოს გაძლიერებული ვერსია მოთავსდა, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა. ამ ძრავის შედარებით სუსტ ვერსიას „აუდი“ RS6-სა და RS7-ზე, ასევე ზოგიერთი მოდელის S-ვერსიაზე იყენებს. ახალი კონცეპტუალური კუპეს სიგრძე 4.6 მეტრი იქნება, რაც წინა „კვატროზე“ დაახლოებით 0.3 მეტრით მეტია. ავტომობილის დასამზადებლად ინტენსიურადაა გამოყენებული კარბონი, რისი წყალოიბითაც, ის მხოლოდ 1 200 კილოგრამს იწონის.
„კვატრო“ რომ არ ერქვას, ეს კონცეპტუალური ავტომობილი მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან მისი სახით, გერმანული კომპანია საკუთარი კორპორატიული სტილის განვითარების მიმართულებას გვაჩვენებს.

No comments:

Post a Comment