Sunday, August 11, 2013

„ჰიუნდაი ელანტრამ“ ქრეშ ტესტებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

2013 Hyundai Elantra Receives Top Safety Pick+ Rating
11 აგვისტო
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, „ჰიუნდაი ელანტრამ“ უმაღლესი შეფასება - „ტოპ სეიფტი პიკ +“ დაიმსახურა. ინსტიტუტის პროგრამის შესაბამისად, ტესტების დროს, რომელშიც მხოლოდ კომპაქტური ავტომობილები გამოიცადა, სულ ხუთი ტიპის ტესტი შეჯახებაზე ჩატარდა.
„ელანტრამ“ ამ ხუთიდან შეფასება „კარგი“ (უმაღლესი შეფასება) ოტხი ტესტის შემდეგ დაიმსახურა. ეს ტესტებია: საშუალო გადაფარვის (როდესაც შეჯახებაში მანქანის წინა ნაწილის ნახევარზე ნაკლები და მესამედზე მეტი მონაწილეობს), გვერდითი შეჯახება, გადაბრუნება და კისრის/თავის მისაყრდნობის ეფექტურობა. შეფასება „მისაღებია“ დაიმსახურა მცირე გადაფარვის (როდესაც შეჯახებაში მანქანის წინა ნაწილის მესამედზე ნაკლები მონაწილეობს) ტესტისას.
IIHS-ს უფროსი მკვლევარი დევიდ ზუბი ამბობს, რომ განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა „ელანტრას“ გვერდითა ფარდული აირბალიშების ეფექტურობით, რომელიც საიმედოდ ფარავს სალონის გვერდითა ნაწილს და იქ მყოფებს ყველანაირი ნამსხვრევისგან იცავს. მისივე თქმით, სრულიად დამაკმაყოფილებელია მცირე გადაფარვის ტესტზე ნაჩვენები შედეგი.
აღსანიშნავია, რომ „ელანტრასთან“ ერთად, ამავე ტესტების დროს, კიდევ ხუთ კომპაქტურ ავტომობილს დაუწერეს შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ +“. ზუბის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების კუთხით, ამ კლასში მყიდველს სულ უფრო მეტი არჩევანი უჩნდება.
„ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი მაიკ ო’ბრაიენი, ვინც კორპორატიულ და პროდუქციის დაგეგმარების შტოს კურირებს, ამბობს: „ახალი ავტომობილების პროექტირებისას, „ჰიუნდაის“ მთავარი მიზანი, უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევაა. „ელანტრას“ მიერ მიღებული უმაღლესი შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ +“ იმის ნიშანია, რომ ეს ავტომობილი თავისი სეგმენტის ლიდერი და კომპაქტური ავტომობილის მყიდველისთვის საუკეთესო არჩევანია“.
აღსანიშნავია, რომ „ელანტრას“ გარდა, IIHS-ს უმაღლესი შეფასება ასევე „ჰიუნდაის“ სხვა მოდელებსაც - „სონატას“, „აზერას“, „ექუსს“, „ჯენეზისს“, „ტუსანს“ და „სანტა ფეს“ აქვს მიღებული.

No comments:

Post a Comment