Thursday, July 11, 2013

„იაგუარი“ პირველ SUV-ს 2015 წელს გამოუშვებს

Jaguar to Release its First SUV in 2015, Says Report
11 ივლისი
„იაგუარის“ სამოდელო გამა სრულადაა წარმოდგენილი ლუქსის ზედა სეგმენტში, მაგრამ კომპანიას აქვს თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოების მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის ათვისებაც გაყიდვების და მოგების ზრდას მოუტანს. მაგალითად, შეუძლია „ბეემვეს“ მე-3 სერიის კონკურენტის და უგზოობის ავტომობილის გამოშვება.
ცნობილია, რომშემუშავების პროცესშია კომპაქტური სედანი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, XS-ის სახელით გამოუშვებენ. მაგრამ ბრიტანული კომპანია ამას არ სჯერდება და როგორც გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იტყობინება, ასევე გამალებული მუშაობა მიდის უგზოობის ავტომობილზეც, რომლის გაყიდვების დაწყებაც 2015 წელს იგეგმება.
ჟურნალი „იაგუარის“ ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს ავტომობილი კომპანიის კორპორატიულ სტილში შესრულდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, როგორც უგზოობის ავტომობილს შეეფერება, გზის საფარისგან უფრო დაშორებული იქნება. მისი გარეგნობის დამახასიათებელი ნიშნები ასევე უნდა იყოს დახრილი საქარე შუშა და მოკლე წინა და უკანა გადმონაშვერები.
უგზოობის „იაგუარის“ სახელი სავარაუდოდ, Q-ტაიპი ან XQ იქნება - ორივე სახელი კომპანიას დარეგისტრირებული აქვს. ეს ავტომობილი კონკურენციას „ბეემვეს“ X3-ს და „აუდის“ Q5-ს გაუწევს. ამ ავტომობილს იმავე პლატფორმაზე ააგებენ, რომელზეც კომპაქტურ სედანს. ეს არის XJ-ს პლატფორმის დამოკლებული ვერსია, რომელიც ალუმინისგანაა შექმნილი. არსებული პლატფორმის გამოყენება „იაგუარს“ ახალი მოდელების შემუშავებისთვის საჭირო დროს და სახსრებს დააზოგინებს, ალუმინი კი წონის შემცირების უებარი საშუალებაა.
ორივე ავტომობილი უკანა ან სრულ ამძრავიანი იქნება. ისინი საჭის ელექტრონული გამაძლიერებლებით აღიჭურვება, რომელიც პირველად სუპერ ავტომობილ C-X75-ზე გამოიყენეს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, უგზოობის ავტომობილის ძრავების გამაში ძირითადად ოთხცილინდრიანი ძრავები შევა, მათ შორის, 2.0-ლიტრიანი ტურბო (Si4), რომლის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა და 2.2-ლიტრიანი დიზელი (SD4), რომლებსაც „ლენდ როვერი“ თავის პოპულარულ „ევოუკზე“ იყენებს. ძრავებს 8-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი დაუკავშირდება.
ტოპ ვერსიაზე საკუთრივ „იაგუარის“ წარმოების 3.0-ლიტრიან V6-ს დააყენებენ, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 340 ცხენის ძალას ავითარებს. ასევე გამოვა ჰიბრიდული ვერსიაც, რომელიც პირველად ასევე C-X75-ზე გამოიყენეს.

No comments:

Post a Comment