Monday, July 1, 2013

ლოები მივიდა, ნახა და „სამუდამო“ რეკორდი დაამყარა

Sebastien Loeb demolishes Pikes Peak record with an 8:13.878
1 ივლისი
მივიდა პაიკს პიკზე, ნახა - ივარჯიშა კვალიფიკაციის მოგებით და დაამარცხა - რეკორდული დროით გაიმარჯვა ლეგენდარულ სამთო რბოლაში, რომელსაც ხშირად ღრუბლებისკენ რბოლასაც უწოდბენ ხოლმე. რალის მსოფლიო ჩემპონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები ერთადერთი მრბოლია, ვინც პაიკს პიკის 19.99 კილომეტრი და მისი 156 მოსახვევი 9 წუთზე ნაკლებში, 145 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. მისი რეკორდული დროა 8 წუთი და 13.878 წამი. ამაში ლეგენდარულ ფრანგს პეჟოს მიერ ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე მომზადებული 875-ცხენისძალიანი მონსტრი „პეჟო 208 T16“ დაეხმარა.

წინა რეკორდი, რომელიც ახალზელანდიელმა რის მილენმა შარშან დაამყარა, ლოებმა წუთნახევარზე მეტით გააუმჯობესა. ის ერთადერთი არაა, რომელმაც მილენის ძველი რეკორდის (9 წთ და 46.164 წმ) დაძლევა შეძლო, თუმცა ასეთი სხვაობა არავის ჰქონია. უფრო მეტიც, ფრანგი სუპერ მრბოლი არის პირველი, რომელმაც ცხრა წუთიდან გამოსვლა შეძლო.

„ჩემთვის ეს წლის რბოლა იყო. სტარტზე დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, რადგან გავიაზრე, რომ „პეჟომ“ და მისმა პარტნიორებმა, ამ პროექტს უზარმაზარი ინვესტიცია, შრომა და წვალება მოახმარეს. ამდენი ვარჯიშის და მუშაობის შემდეგ, ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. და მეც მიზნისთვის უნდა მიმეღწია“, - ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული ფინიშის გადაკვეთის შემდეგ განცხადა ლოებმა.

მას შემდეგ, რაც რბოლაში მონაწილეობა ყველა მოტოციკლისტმა მიიღო, ტრასაზე შეუზღუდავი კლასის პილოტები გამოვიდნენ, რომელთა შორისაც, როგორც კვალიფიკაციაში გამარჯვებული, ლოები პირველი, ტრასის გამხსნელი იყო. მისი სტარტი ცოტა დაგვიანდა, რაც პაიკს პიკზე ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ მთავარი არა დაგვიანება, არამედ ამინდი იყო. ამინდი კი შეცვლას აპირებდა - პაიკს პიკზე ის ხშირად იცვლება ხოლმე. „სასტარტო ზოლში რომ ვიდექი, ცაში ღრუბელი დავინახე, რომელიც მთის წვერს უახლოვდებოდა. გამახსენდა, რომ თუ დროზე არ დავიწყებდი, მერე ძალიან გამიჭირდებოდა“, - ყვება ლოები.

ასე იყო თუ ისე, ლოები დროზე გავიდა დისტანციაზე და არც მისი გამოსვლის შემდეგ გაფუჭებულა ამინდი. საბოლოოდ, ფრანგმა იმაზე უკეთესი დრო აჩვენა, ვიდრე „პეჟო სპორტის“ კომპიუტერმა, რომელზეც ინჟინრებმა დისტანციის იდეალურად გავლის მოდელირება შეასრულეს. კომპიუტერული მოდლირებისთვის პროგრამისტებმა ლოების ვარჯიშის დროს აღებული ტელემეტრიული მონაცემები გამოიყენეს. სხვათა შორის, კომპიუტერი რომ საჭესთან დაესვათ, მისი დრო 8 წუთი და 15 წამი იქნებოდა. ჩემპიონთა ჩემპიონმა ამ დროს ორი წამი „დაუმალა“.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საბოლოოდ, კარგი რბოლა გამომივიდა. ნამდვილად არ ველოდი, რომ 8 წუთსა და 15 წამზე უკეთესი დრო მექნებოდა. მოკლედ, 8 წუთი და 13.878 წამი შესანიშნავია. სტარტამდეც კი არ ვიცოდი, ზღვარზე უნდა გამევლო, თუ უფრო კომფორტული სიჩქარე ამერჩია, რათა გარანტირებული გამარჯვება მომეპოვებინა. საბოლოოდ, ზღვარზე რბოლა ვამჯობინე“, - დასძენს გამარჯვებული.
მიუხედავად იმისა, რომ არც თავი დაუზოგავს და არც მანქანა, ფინიშთან ლოებმა ვერ გაიხსენა თუნდაც მცირე შემთხვევა, რომ მანქანა გაჭირვეულებულიყოს. „პეჟომ“ აბსოლუტურად საიმედო სარბოლი ავტომობილი შექმნა, რომელსაც პაიკს პიკზე ვარჯიშებიდან მოყოლებული, ერთხელ არ შეუქმნია პრობლემები და ინჟინრებს მხოლოდ სრულყოფაზე მუშაობის საშუალება მისცა. „მანქანა შესანიშნავია. სტარტიდან ფინიშამდე სრული კონტროლის ქვეშ იყო. ერთადერთი, რაზეც ვშიშობდით, ამინდი იყო“, - ამბობს ჩემპიონი.
ეს პაიკს პიკზე „პეჟოს“ მეორე ტრიუმფია. და მეორე რეკორდი. პირველად ფრანგულმა ლომებმა კოლორადოს მთებში 1988 წელს გაიელვეს. მაშინ „პეჟო 405 T16 პაიკს პიკის“ საჭესთან რალის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ფინელი არი ვატანენი იჯდა. მაშინ გზა გრუნტიანი იყო, რეკორდის ორიენტირი კი - 10 წუთი და 47.220 წამი.
პაიკს პიკის 91-ე რბოლაში მეორე ადგილი რის მილენმა (ჰიუნდაი) დაიკავა, ვინც თავის ძველ რეკორდს კი აჯობა, მაგრამ გამარჯვებულს 49 წამით ჩამორჩა. მისი დროა 9 წუთი და 02.192 წამი. „არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველანი, მეორე ადგილისთვის ვიბრძოდით. პრაქტიკების მიხედვით, მე და რომენ დუმასს ამის ყველაზე მეტი შანსი გვქონდა. მაგრამ სტარტზე მისი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. ვიცოდი, რომ სებასტიანს ვერ ვაჯობებდი, ამიტომ რისკს მოვერიდე. ისევ ლოებსა და „პეჟოზე“ მინდა ვთქვა. ისინი შეუდარებლები იყვნენ. საინტერესოა, ამ რეკორდს როდესმე გააუმჯობესებენ? ალბათ ვერასდროს...“ - განაცხადა მილენმა.
მესამე ადგილი კიდევ ერთმა ფრანგმა, ანდროს ტროფის (ყინულზე რბოლები) ოთხგზის ჩემპიონმა, ჟან-ფილიპ დაირომ დაიკავა, რომელმაც სპეციალურად მომზადებული „მინი პეისმენით“ იასპარეზა. მანაც შეძლო ძველი რეკორდის გაუმჯობესება (9:42.740). ძველ რეკორდი ასევე გადაფარა (9:46.001) ამერიკელმა პოლ დალენბახმა, ვინც ასევე „ჰიუნდაით“ მეოთხე ადგილი დაიკავა.

აბსოლუტურ ჩათვლაში მეხუთე იყო პაიკს პიკის ექვსგზის ტრიუმფატორი, იაპონელი ნობუჰირო (მონსტერ) ტაძიმა, ვისაც რეკორდამდე ნახევარ წამზე ნაკლები არ ეყო. სამაგიეროდ, მან ელექტრომობილების ჩათვლაში გაიმარჯვა.

No comments:

Post a Comment