Monday, July 29, 2013

„ალფა რომეო სპაიდერს“ 170 ცხენის ძალა ექნება

Alfa Romeo Spider to get 168bhp
29 ივლისი
„ალფა რომეოს“ უახლესი ღია სპორტული ავტომობილი, რომელიც ამ ეტაპზე „სპაიდერის“ სახელითაა ცნობილი და რომლის შექმნაშიც, იტალიურ კომპანიას პარტნიორობას „მაზდა“ უწევს, ბაზარზე 2015 წელს გამოვა, თუმცა მასზე უკვე პირველი კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდება. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ცნობით, ავტომობილი 168-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება. ავტომობილს მსუბუქი მზიდი აგებულება ექნება და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე სტილში შესრულდება.
„ავტოქარისვე“ ინფორმაციით, „ალფა სპაიდერი“ ბაზირებული იქნება „მაზდას“ შემდეგი თაობის MX-5-ის პლატფორმაზე. და მას იაპონიაში ააგებენ. ოღონდ, ამ ორ ავტომობილს შორის საერთო კომპონენტებისა და მაკომპლექტებლების რაოდენობა, 40 პროცენტზე მეტი არ იქნება. არადა, როგორც წესი, ერთ ბაზაზე შემუშავებული ავტომობილები, 60 პროცენტით იდენტურია ხოლმე.
რა თქმა უნდა, „ალფა რომეოს“ ახალი ავტომობილის დიზაინზე იტალიელი სპეციალისტები მუშაობენ. კერძოდ, „ალფა რომეოსა“ და „მაზერატის“ დიზაინის შეფი მარკო ტენკონე, „ფიატ ჩენტრო სტილეს“ სპეციალისტები და ამ ცენტრის იაპონური ფილიალის სპეციალისტები. სხვათა შორის, „სპაიდერის“ სტილის საბოლოო ვარიანტი ფინალურ ეტაპზეა.
ცნობისათვის, ტენკონემ სახელი გაითქვა ისეთი ავტომობილებით, როგორებიცაა „ალფა რომეოს“ პატარა სპორტული ავტომობილი 4C, ასევე „მაზერატის“ უახლესი სედანები - „კვატროპორტე“ და „გიბლი“. სამწუხაროდ, დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართული არაა „პინინფარინა“, რომლის მიერ სამი წლის წინ შექმნილ კონცეპტუალურ „დუეტოტანტასაც“ (ფოტოზე) დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ სერიული „სპაიდერი“ გამხდარიყო.
რაც შეეხება ძრავს, სადებიუტოდ მხოლოდ ერთი ძრავია შერჩეული. ესაა ტექნოლოგია მულტიეარით აღჭურვილი 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელსაც „ალფა“ თავის „ჯულიეტაზე“ ორი მოდიფიკაციის სახით იყენებს. ერთის სიმძლავრე 119 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 168. რა თქმა უნდა, „სპაიდერი“ ამათ შორის უფრო ძლიერით აღიჭურვება. თუმცა, ამ ძრავთან დაკავშირებით არის ერთი პრობლემა. „ჯულიეტაზე“ ის განივად დგას, „სპაიდერზე“ კი გრძივი განლაგება უნდა ჰქონდეს. ამიტომ, მცირე მოდიფიკაცია დასჭირდება. ძრავს ორქუროიანი 6-საფეხურიანი ავტომტური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება.

No comments:

Post a Comment