Sunday, April 14, 2013

შეთხელებული პელოტონი და მაინც საინტერესო რბოლები


14 აპრილი
ბიძინაშვილი (74), აფხაზავა (12) და აფციაური (60)
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა. ეს მეორე სეზონია, რომელიც თავიდან აშენებულ თანამედროვე ტრეკზე ტარდება და სამწუხაროდ, შარშანდელ სეზნთან დაკავშირებით, გუნდების რაოდენობა შემცირებულია. მათი რიგების შეთხელება კი განსაკუთრებით კლას ლეჯენდსის პელოტონს შეეტყო, რომელიც იმის ნახევარიც აღარაა, რაც შარშან იყო. არადა, რბოლები ყველაზე საინტერესო სწორედ ამ კლასში იყო.

არჩილ ბიძინაშვილი
ლეჯენდსში უგუნდობის გამო ვერ მონაწილეობს გასული სეზონის ჩემპიონი გიორგი ბეჟიტაშვილი, რამდენიმე რბოლის მომგები გოგა არჯევანიძე და დავით კაკაბაძე. დაიშალა „გალფის“, „ვითიბი ბანკის“ და საზოგადოებრივი არხის გუნდები. თუმცა, რბოლა მაინც ძველებურად საინტერესო გამოდგა - ფინიშამდე ძნელი სათქმელი იყო, თუ ვინ შეძლებდა გამარჯვებას.
აფხაზავა (12), ბიძინაშვილი (74) და აფციაური
ლეჯენდსის რბოლაში მონაწილეობა მიიღო „მია ფორსის“ დათა ქაჯაიამ, ვინც ორი კვირით ადრე, საფრანგეთის ქალაქ დიჟონის ტრეკზე, ლეჯენდსის კლასის ეროვნებათა თასის პირველ ეტაპზე, სამი რბოლა მოიგო. რა თქმა უნდა, დათა რუსთავშიც ფავორიტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რბოლის დასაწყისშივე, მის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და პილოტი რბოლას გამოეთიშა. ტექნიკური პრობლემების ვერ იასპარეზა მისმა თანაგუნდელმა კონსტანტინე კოლიაშვილმა.
ირაკლი ჩხეიძე 
სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გაგვაკვირვა ლეჯენდსის დებიუტანტმა დავით აფციაურმა, რომელმაც სტარტიდან ფინიშამდე, ლიდრთა შორის გაატარა და ბოლოსწინა წრეზე დაწინაურებაც კი შეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ფინიში მეორემ გადაკვეთა. თუმცა, რბოლისას წესი დაარღვია და 30 წამით დასაჯეს და საბოლოოდ, მესამე ადგილს დასჯერდა. კარგად იასპარეზა არტემ კაბაკოვმა, რომელიც კარგა ხანს ლიდერებს კვალში ედგა და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.
კვარცხლბეკზე მარცხნიდან: აფხაზავა, ჩხეიძე და რამიშვილი
გამარჯვებისთვის იბრძოდა შოთა აფხაზავაც, ვინც შარშან რამდენიმე რბოლა მოიგო. ის კარგა ხანს არჩილ ბიძინაშვილთან უმძაფრეს პაექრობაში ლიდერობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფინიშამდე ვერც მან მიაღწია - ტექნიკამ უმტყუნა. გამარჯვება კი ბიძინაშვილმა მოიპოვა, რომელმაც რომელმაც რამდენიმე წუთის შემდეგ, ტურინგის რბოლაშიც იასპარეზა და GT შეუზღუდავ კლასში, მეორე ადგილს დასჯერდა.
აფხაზავამ კი ლეჯენდსამდე ფორმულა ალფას რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. ფორმულებში თავიდანვე ირაკლი ჩხეიძე დაწინაურდა, რომელმაც სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ის ფინიშამდე ადვილად შეინარჩუნა. მეორე ადგილისთვის კარგა ხანს აფხაზავამ და დავით რამიშვილმა იბრძოლეს, მაგრამ შუა რბოლაში რამიშვილმა შეცდომა დაუშვა და დატრიალდა, რის შემდეგაც, აფხაზავას დაწევა ვეღარ მოახერხა. სამწუხაროდ, ფინიშს ვერც ჩხეიძის თანაგუნდელმა ლაშა ნადირაშვილმა მიაღწია, ვისაც ტრანსმისია დაუზიანდა.
მარცხნიდან: კიკნაძე, მენთეშაშვილი, კვინიკაძე
მონო კლასში გამარჯვება დავით მენთეშაშვილმა მოიპოვა. აქ თავიდან მეორე ადგილზე შარშანდელი ჩემპიონი დავით ჩხიკვიშვილი იყო, მაგრამ შუა რბოლაში ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა. სამაგიეროდ, უშეცდმდ გაისარჯა გიორგი კიკნაძე, რომელმაც მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მესამეზე კი GT შეუზღუდავი კლასის შარშანდელი ჩემპიონი, ლევან კვინიკაძე გავიდა.

მარცხნიდან: ბიძინაშვილი, ცხადაძე, ჭონიშვილი
GT კლასში კი უკონკურენციო იყო „ბეემვეზე“ ამხედრებული სანდრო ცხადაძე. ბიძინაშვილმა მას მთელი დისტანცია სდია, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, უკან მეორე ბეემვე ჩამოიტოვა, რომლითაც ვასიკო ჭონიშვილი ასპარეზობდა. მეოთხე ადგილი დებიუტანტმა შაკო ციხელაშვილმა დაიკავა, ვისაც ტიტულოვანი თანაგუნდელი (ორივე თეგეტა მოტორსის გუნდშია) ზურაბ ბეჟაშვილი ცოტათი ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ბეჟაშვილს წინა დღეს ძრავი დაეწვა და სტარტზე რომ გამოვიდა, ესეც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. რბოლა ვერ დაასრულა 14 წლის სანდრო თავართქილაძემ.

GT
1. სანდრო ცხადაძე, 2. არჩილ ბიძინაშვილი, 3. ვასიკო ჭონიშვილი

მონო
1. დავით მენთეშაშვილი, 2. გიორგი კიკნაძე, 3. ლევან კვინიკაძე

ლეჯენდსი
1. არჩილ ბიძინაშვილი, 2. არტემ კაბაკოვი, 3. დავით აფციაური

ფორმულა ალფა
1. ირაკლი ჩხეიძე, 2. შოთა აფხაზავა, 3. დავით რამიშვილი

No comments:

Post a Comment