Thursday, March 28, 2013

კონცეპტუალური „სუბარუ WRX“ ნიუ იორკში

Subaru WRX Concept Premieres at the New York Auto Show
28 მარტი
წლების განმავლობაში, „სუბარუს“ და „მიცუბიშის“ იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ეს კომპანიები თავიანთ შესანიშნავ ავტომობილებს - „იმპრეზა WRX-ს“ და „ლანსერ ევოლუშნს“ გარეგნულად არ ხვეწენ. „ჩააცვით ნორმალურად და შეინარჩუნეთ მათი დინამიური მახასიათებლები“, - ამ ავტომობილებისადმი მსგავს მოწოდებებს ხშირად გაიგებთ. და აი, „სუბარუ“ ამ მოწოდებას გამოეხმაურა და ნიუ იორკის ავტო შოუზე, კონცეპტუალური WRX წარადგინა.
კონცეპტუალური ავტომობილი ოთხკარიანი კუპეა. მის აგრესიულ გარეგნობას ხაზს უსვამს დაბერილი საბორბლე თაღები და კაპოტი, რომელზეც ზორბა ჰაერის ამღებია ამოჭრილი. მანქანა 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „დანლოპის“ მიერ 245/40ZR20 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ავტომობილს უკან დიდი და მრავალსეგმენტიანი დიფუზორი აქვს. ეს ყველაფერი, საერთო დიზაინთან ისეა შერწყმული, რომ ჩანერგილის შთაბეჭდილებას არ ახდნს, როგორც „იმპრეზას“ შემთხვევაშია.

კონცეპტუალური „სუბარუ WRX-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 521 მილიმეტრი, სიგანე 1 889 მილიმეტრი, სიმაღლე 1 389 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 761 მილიმეტრი. ამგვარად ის მეოთხე თაობის სედან „იმპრეზაზე“ ოდნავ მოკლე, დაბალი და განიერია. სამაგიეროდ, ბაზა უფრო გრძელი აქვს.
პრეზენტაციაზე „სუბარუმ“ გამოაცხადა, რომ კაპოტზე არსებული ამონაბორცვი, რომელშიც ჰაერის ამღები ზის, იმისთვისაა, რომ კაპოტის ქვეშ ტურბო ძრავი და მისი შუალედური გამაგრილებელი ჩატეულიყო. თუმცა, სულ ესაა, რაც იაპონურმა კომპანიამ ძრავის შესახებ გაგვიმხილა. სამაგიეროდ გვაუწყა, რომ ავტომობილის სახურავი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია, რითაც შემცირდა წონა და დაბლა დაიწია WRX-ის სიმძიმის ცენტრმა.
„სუბარუს“ მიზანია, ამ კონცეპციაზე პოტენციურ მყიდველთა გამოხმაურებები მიიღოს და მათი ანალიზის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება - გამოუშვებს თუ არა მის სერიულ ვერსიას.

No comments:

Post a Comment