Friday, March 1, 2013

„მერსედეს-ბენცი“ ექვსბორბლიან G63 AMG 6x6-ს გამოუშვებს (ვიდეო)

Mercedes-Benz G63 AMG 6x6: It's Real, It’s Wild and It's Entering Production
1 მარტი
„მერსედეს-ბენცის“ დაკუთხული G-კლასის უგზოობის ავტომობილი მთელი მსოფლიოს მდიდრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლაპარაკი აღარაა ამ ავტომობილის წყვილ ტურბოიან V8 და V12 ძრავებით აღჭურვილ ვერსიებზე. „რეინჯ როვერისა“ არ იყოს, ესეც უგზოობის ლიმუზინია, ცოტა უხეში გარეგნობით. ცუდ გზებზე იოლად გაგატარებს და არც კომფორტს დაგაკლებთ.
მაგრამ გამორჩეულ (ისევდაისევ, ჯიბით) მყიდველს ესეც აღარ ჰყოფნის, უფრო მეტი უნდა. და რა შეიძლება იყოს უფრო მეტი? შტუტგარტში გადაწყვიტეს, რომ კარგი გამოსავალია წყვილი ბორბლის დამატება. თანაც ისე, რომ ამძრავ ძალას ეს ბორბლებიც ღებულობდეს. მონსტრი მერე ნახეთ...
ესეც უკვე შესაძლებელია! „მერსედესმა“ G-კლასის ასეთი ვერსიაც შექმნა. ოღონდ, ამისათვის ახალი პლატფორმა არ შეუმუშავებია - ეს მეტისმეტად ძვირი სიამოვნება იქნებოდა. ექვსბორბლიანი მონსტრის საფუძვლად ავსტრალიური არმიისთვის შექმნილ ავტომობილ G320 CDI-ს პლატფორმა გამოიყენა.
„სამოქალაქო“ ავტომობილზე უცვლელად გადმოინაცვლა სამხედრო ვერსიის სრულამძრავიანმა სისტემამ, რომელსაც დიფერენციალის ხუთი კვანძი ემსახურება. მთელი ამ რთული სისტემის მართვა ხდება მაჩვენებლების დაფაზე მოთავსებული ღილაკებით. სამაგიეროდ, „მერსედესმა“ G-კლასის სტანდარტული 3.0-ლიტრიანი დიზელი და მასთან ერთად, 5-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, 5.5-ლიტრიანი V8 ძრავით და 7-საფეხურიანი ავტომატური G-ტრონიკით შეიცვალა. ძრავის სიმძლავრე 536 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 760 ნიუტონმეტრი.

7-საფეხურიანი კოლოფის უმაღლესი საფეხურის გადაცემის რიცხვი 0.87:1-ზეა და ის მხოლოდ ნორმალურ გზებზეა გამოსადეგი. უდაბლესი გადაცემის რიცხვი კი 2.16:1-ზეა და მას მხოლოდ ძალიან ცუდ გზებზე გასავლელად გამოიყენებენ. ღერძებს შორის მაბრუნი მომენტის განაწილება, 30:40:30 პროპორციით ხდება. ღერძებს შორის მაბრუნი მომენტის განაწილებას, ელექტრონული სისტემა აკონტროლებს, რომელსაც ხუთი დიფერენციალი აქვს ჩაბარებული.

მანქანა ოთხადგილიანად დარჩა, მაგრამ უკან პიკაპის ტანი დაემატა. საბოლოოდ, მისი სიგრძე 5867 მილიმეტრამდე (1105 მმ-ით) გაიზარდა. გარეთ გამოწეული ბორბლების ხარჯზე, 2111 მილიმეტრამდე (226 მმ-ით) გაიზარდა სიგანე, სიმაღლემ კი 2209 მილიმეტრს (272 მმ-ით გაიზარდა) მიაღწია. ავტომობილს ძალიან მაღალი კლირენსი აქვს - 460 მმ, მისი წონა კი 3775 კილოგრამს აღწევს. „მერსედეს-ბენც G63 AMG 6x6“ 37-დუიმიან ბორბლებზე დგას.
სამქიმიანებს თავიანთი ექვსბირბლიანი მონსტრის დინამიკური და ეკონომიკური მახასიათებლები ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა, ჟურნალ „ავტოუიკთან“ საუბრისას, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების განვითარების განყოფილების შეფმა აქსელ ჰარისმა განაცხადა, G63 AMG 6x6-ს ადგილიდან ასის აკრეფა ექვს წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკით 160 კმ/სთ ნიშნულზე არის შეზღუდული. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, ასეთი ავტომობილისთვის 18 ლიტრი ას კილომეტრზე ბევრია, თუ ცოტა, ეს თავად განსაზღვრეთ.
დაბოლოს, „მერსედესი“ წლიურად მხოლოდ 20-30 ცალი ექვსბორბლიანი მონსტრის გამოშვებას გეგმავს. ამასთან, G63 AMG 6x6 კომპანიის გამაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იქნება ელექტრონული SLS-ის შემდეგ. მისი ფასი 350 000 ევროა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment