Friday, March 29, 2013

მილიონი დოლარი ჯეიმს ბონდს „ლენდ როვერისგან“ (ვიდეო)

Daniel Craig Introduces the 2014 Range Rover Sport, Pockets $1 Million
29 მარტი
კარგია, როცა სახელოვანი აგენტის როლს განდობენ - ყველა გიცნობს და იმისათვის, რომ ასეა, უზარმაზარ ჰონორარებსაც გიხდიან. არამხოლოდ როლის შესრულებისთვის, არამედ სხვა საქმეებშიც. მაგალითად, ახალი მანქანის საჭის ტრიალში. აბა, ვის შეიძლება, გადაუხადონ მილიონი დოლარი იმისათვის, რომ ნიუ იორკში თავისი ხარჯით მიიწვიონ, ახალი მანქანა ჩააბარონ, ქალაქში გასეირნება სთხოვონ, რის შემდეგაც ამ მანქანას დათქმულ ადგილზე შეაგრიალებს, ცოტა ხანს ფოტო და ვიდეო კამერების წინ იპოზიორებს და... მილიონიც მისია! რა თქმა უნდა, ჯეიმს ბონდს, უფრო სწორედ, მისი როლის შემსრულებელ დანიელ კრეიგს.
სწორედ ბონდს გამოუძახა „ლენდ როვერმა“, როდესაც უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ პრეზენტაციას ატარებდა. ბრიტანულ სუპერ პროდუქტს, ბრიტანელი სუპერ აგენტის გარდა სხვას ვის ანდობ. მერე რა, რომ „ასტონ მარტინით“ გრიალსაა მიჩვეული. სხვათა შორის, ორი კვირის წინ, დაბადების დღეზე, საკუთარ თავს „ასტონ მარტინ V12 ვენტიჯი“ აჩუქა... მისი ხათრით, მორიგ ფილმში შეიძლება ახალი „რეინჯ სპორტიც“ გადაიღონ. თუ არ გადაიღებენ, მაგაზე კრეიგი არ იდარდებს - რამდენიმე საათში ხომ მილიონი გადაუხადეს.
თუმცა არა, მარტო ერთი გასეირნება არ ყოფილა - კრეიგი ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ სარეკლამო ფილმშიც გადაიღეს. იმ ფილმში, რომლითაც „ლენდ როვერმა“ ნიუიორკელებს თავისი ახალი ავტო პირველად უჩვენა. მანქანის წარდგენის შემდეგ, მსახიობი წვეულებას არც დასწრებია, მაშინვე აეროპორტისკენ გასწია. ოღონდ, ალბათ ტაქსით.
მის გაუჩინარებას საზოგადოება გაუკვირვებია, მაგრამ „ლენდ როვერმა“ ყველა დაამშვიდა. „ჩვენი ურთიერთობა საქმიანია და მარტო სარეკლამო საქმიანობით არ შემოიფარგლება. ჩვენ მისტერ კრეიგის მხარდამჭერები ვართ მის საქველმოქმედო საქმიანობაში. მოგვიანებით, ჩვენ ამ საქმისთვის მანქანას გავიღებთ“, - ნათქვამია „ლენდ როვერის“ ოფიციალურ განცხადებაში.


ვიდეო

No comments:

Post a Comment