Monday, March 4, 2013

„მანსორი კარბონადო“- „ავენტადორი“ 1233 ცხენის ძალით

Mansory Carbonado is a Twin-Turbocharged “Stealth” Aventador with 1,233HP
4 მარტი
ამის მკითხველი იმ სამ ადამიანს (მილიარდერს) შორის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა, რომლებმაც „ლამბორგინის“ უახლესი „ვენენო“ ვერ შეიძინეს. ბოლოს და ბოლოს, ეს ავტომობილი 3.6 მილიონი ევრო ღირს და მას სამ ეგზემპლარზე მეტს არ დაამზადებენ. თუმცა, თუ ამ თანხის გაღების საშუალებას ჯიბე გაძლევთ და რაღაც განსაკუთრებულის შეძენა გსურთ, ამის შესაძლებლობას გერმანული ტუნინგ ატელიე „მანსორი“ გაძლევთ.

„მანსორის“ მონსტრს „კარბონადო“ ჰქვია და „ვენენოს“ მსგავსად, „ლამბორგინის“ ფლაგმან „ავენტადორ LP700-4-ის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. თუმცა, მისი ტანი გადაკეთებულია. შედეგად, წინა ნაწილი 40 მილიმეტრით, უკანა კი 50 მილიმეტრით გაფართოვდა. შეიცვალა ძარის ბევრი ელემენტიც. მაგალითად, ბამპერები, კაპოტი, ძრავის სახურავი, ბამპერები, წინა აეროდინამიკური ელემენტები და უკანა დიფუზორი.


ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მის კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ძარაზე, სტელთის ტიპის გამანადგურებლის უამრავი სილუეტია გამოსახული და ეს თემა ინტერიერშიც გრძელდება. მთავარი ცვლილებები კი ძრავს შეეხო. და თუ „ვენენოს“ შემთხვევაში, „ლამბოს“ ინჟინრებმა ძრავი მხოლოდ 40 ცხენის ძალით გააძლიერეს, „მანსორიმ“ ეს არასაკმარისად ჩათვალა...


გერმანულ ატელიეში, 6.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავს ორი ტურბოკომპრესორი მიუერთეს, შეცვალეს ცილინდრები, ცილინდრების თავაკები, მუხლა ლილვი და ბარბაცები, რომლებიც სპორტული ანალოგებით ჩაანაცვლეს. შესრულებული სამუშაოს შედეგად, ძრავის სიმძლავრემ 1233 ცხენის ძალას მიაღწია. მისი დახმარებით, „კარბონადოს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.6 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ/სთ-ია. სხვათა შორის, ძრავის მაბრუნი მომენტი ხელოვნურად შეზღუდეს (690 ნიუტონმეტრის ნიშნულზე), რათა ტრანსმისია სწრაფი განადგურებისგან დაეცვათ.


„კარბონადოს“ წინა ნაწილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, უკანა კი - 21-დუიმიანზე. მათზე შესაბამისად, „პირელი P ზერო“ სერიის 255/30 და 345/25 ზომის საბურავებია მორგებული. სალონიც სხვანაირად გამოაწყეს. იქ კარბონისგან დამზადებული დეტალები და რბილი ტყავი დომინირებს. ბევრი რამ სამხედრო თვითმფრინავის სტილშია გაკეთებული. მაგალითად, ძრავის გამშვები ღილაკი, რომელიც ცენტრალური კონსოლიდან ჭერზე გადაიტანეს.
რაც შეეხება ფასს, მასზე ჯერ არაფერს ამბობენ, თუმცა ადვილად სავარაუდოა, რომ „ვენენოზე“ ბევრით იაფი არ ეღირება.

No comments:

Post a Comment