Tuesday, February 5, 2013

„კატერჰემ CT03“ - ისევ კეხიანი და ისევ მოკრძალებული ამბიციით


Caterham CT03 Formula 1 car presented at Jerez
5 თებერვალი
ხერესის ტესტების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - CT03, „კატერჰემმაც“ გვიჩვენა. გარეგნულად ის წინამორბედისგან მინიმალურადაა განსხვავებული. ადვილად შესამჩნევია ის, რომ ახალი მანქანა უფრო ღია მწვანეშია გამოწყობილი - გუნდის ხელმძღვანელობის თქმით, ასე ის უფრო ადვილად გასარჩევი იქნება პელოტონში.

გასულ სეზონში, „კატერჰემმა“ კონსტრუქტორთა პირველობაზე მე-10 ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით, ის საუკეთესოა „ახლებში“. და მიზნად ისახავს, რომ პელოტონის შუაწელისკენ გაიკაფოს გზა. თუმცა, წინა სეზონებმა აჩვენა, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ფ1-ში ძალები არნახულად გათანაბრებულია და საშუალო გუნდებსაც კი შეუძლიათ სიურპრიზების შემოთავაზება. ამას კი ჯერჯერობით ვერ ვიტყვით „კატერჰემზე“.
სხვათა შორის, თუ დასაწყისში „კატერჰემის“ საჭეს გამარჯვების გამოცდილების მქონე იარნო ტრული და ჰეიკი კოვალაინენი უჯდნენ, ახლა ლიფილდელებმა ამ ძვირ სიამოვნებაზე უარი თქვეს და ისეთი პილოტები მიიწვიეს, ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, გუნდში სპონსორების მოზიდვა შეუძლიათ. ესენი არიან ფრანგი შარლ პიკი, ვინც შარშან „მარუსიას“ პილოტი იყო და ჰოლანდიელი გიედო ვან დერ გარდე, ვინც გასულ სეზონში „კატერჰემში“ ტესტ პილოტად მუშაობდა.

„კატერჰემის“ ტექნიკური დირექტორი მარკ სმიტი ამბობს, რომ მის გუნდს მალე ექნება კომპიუტერული სიმულატორი, რომელიც რბოლებისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს. დანადგარის შემუშავებაში, გუნდის პარტნიორი, კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია „დელი“ მონაწილეობს. სმიტი ამბობს, რომ ეს პირველი მანქანაა, რომელიც „კატერჰემის“ ახალ ბაზაზე შეიქმნა. მისივე თქმით, რადგან 2014 წელს რეგლამენტი ძირეულად იცვლება, ამიტომ გადაწყდა, რომ CT03 მისი წინამორბედის ევოლუციური ვერსია ყოფილიყო.

„ამგვარად, ჩვენ იმ დეტალებზე ყურადღების გამახვილება შევძელით, რომლებსაც მანქანის მაქსიმალური ხეირის მოცემა შეეძლო. შეიცვალა რადიატორების გარსშემოწერილობა, რაც მანქანის უკანა ნაწილში, ჰაერის მოწესრიგებული ჭავლის გაგზავნის საშუალებას გვაძლევს. დაბლა დაიწია შასიმ, რამაც სიმძიმის ცენტრიც დასწია და ეს მანევრულობას გააუმჯობესებს. დავხვეწეთ უკანა დიფუზორი და გამოსაბოლქვები. დამუშავების სტადიაშია ორივე ანტი ფრთა, რომლებიც მანქანაზე ავსტრალიის შემდეგ გამოჩნდება“, - ამბობს სმიტი.

No comments:

Post a Comment