Sunday, February 3, 2013

ჩემპიონებიც მზად არიან

Red Bull launches its 2013 car, the RB9
3 თებერვალი

ახალი სეზონის დასაწყისში, მთავარი კითხვა „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს ეხება, რომლებმაც ბოლო სამ სეზონში, პირველობა არავის დაუთმეს და საერთო ჯამში, ექვს ტიტულს მოუყარეს თავი. შეძლებენ ისინი ედრიან ნიუის დახმარებით ტრიუმფული სვლის გაგრძელებას, თუ ბოლოს და ბოლოს, ვინმე გააჩერებს! როგორი იქნება ახალი მანქანა, რომლითაც ეს უძლეველი ტანდემი ყველას ხელცარიელს ტოვებს?


ამ კითხვებზე პასუხს კარგა ხანს უნდა ველოდოთ, ამ ეტაპზე კი ვარაუდების ჯერია, რომლებიც მაშინვე გაჩნდა, როგორც კი პრეზენტაციაზე RB9-მ გამოანათა. ფეტელმა და მარკ ვებერმა მანქანას საბურველი გადახადეს და პირველი, რაც გამოჩნდა, ამ მანქანის კეხიანი ცხვირია. ოღონდ, ის ისეთი უხეშად გამოჩორკნილი აღარაა, როგორც RB8-ს ჰქონდა.

რა თქმა უნდა, „რედ ბულს“ შეეძლო, ცხვირი გაესწორებინა - ამის უფლებას რეგლამენტი იძლევა, მაგრამ ნიუიმ ეს საჭიროდ არ ჩათვალა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სეზონის მსვლელობისას, მისი გასწორება მაინც გადაწყდეს. ნიუი ამბობს, რომ ცხვირის დაფარვით, მანქანა წონაში რამდენიმე ათეულ გრამს მოიმატებდა. ამიტომ, მის გამოყენებაზე უარი თქვეს.
ნიუი აღიარებს, რომ ახალი მანქანა, მისი წინამორბედის ევოლუციური ვერსიაა. ყველაზე მეტი ცვლილება მის შუა ნაწილში განხორციელდა, რომელთა მიზანსაც, აეროდინამიკის დახვეწა წარმოადგენდა. ნიუის თქმით, ეშმაკები დეტალებში იმალება, მთავარი საზრუნავი კი, იმ დროს, როდესაც რეგლამენტი თითქმის უცვლელად დარჩა, „პირელის“ ახალი საბურავებია.
ნიუის თქმით, მანქანის დასრულება ტესტების დაწყებამდე ორი დღით ადრე მოესწრო, რაც დიდი მიღწევაა, რადგან იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, ხერესის ტესტებზე მისი მომზადება ვერ მოესწროთ. ეს კი იმის შედეგი იყო, რომ გასულ სეზონში, საინჟინრო შტაბს ბოლო რბოლამდე უწევდა RB8-ზე მუშაობა და ახალი მანქანისთვის მას შემდეგღა მოიცალა, რაც ფეტელმა მორიგი ტიტული მოიპოვა.
„მიზანი უცვლელია - ახალი სეზონი მოწინავეთა შორის დავიწყოთ. ამისათვის საჭიროა, რომ ტესტების სესიები მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ. იმედია, ისევ ტიტულის მოცილეთა შორის ვიქნებით. მართალია, წინა სეზონებში საუკეთესოები ვიყავით, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. ჩემი აზრით, ამ სეზონშიც არანაკლებ დაძაბული რბოლები გველის. ალბათ, გამოკვეთილი ფავორიტები არ იქნებიან. მთავარია, ამ მარათონს ვინ როგორ გაუძლებს და სეზონის მიწურულისთვის ვინ რა ფორმაში იქნება“, - განაცხადა ფეტელმა.
ნიუი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მანქანა ეგრეთ წოდებული პასიური DRS-ით აღჭურვილი არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სეზონის მსვლელობისას, მას არ გამოიყენებენ. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ ასეთი სისტემის სრულფასოვნად გამოყენება ბევრ სირთულეს უკავშირდება.
„თქმა არ უნდა, ეს ძალიან საინტერესო სისტემაა. მაგრამ ძალიან ძნელია ისეთი ეფექტური სისტემის შემუშავება, რომელიც საიმედოდ იმუშავებს. ამასთან, ასეთი სისტემის ეფექტურობა, ტრასაზე შექმნილ კონკრეტულ სიტუაციებზეცაა დამოკიდებული. მე არ შემიძლია იმის თქმა, რას მოვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე, სისტემის შესწავლის პროცესში ვართ. ძალიან საინტერესო სისტემაა, რომელიც გამოკვლევას საჭიროებს. თუმცა, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მისი დახმარებით, წრეზე დროის გაუმჯობესება და რბოლებში მეტი ქულის მოპოვება, ძალიან ძნელი იქნება“, - ამბობს ნიუი.

No comments:

Post a Comment