Tuesday, February 12, 2013

„ალფა რომეო 4C“ ჟენევურ პრემიერამდე

Alfa Romeo 4C Mid Engine Sports Coupe: This is it, The Production Model
12 თებერვალი
ორი წლის წინ, „ალფა რომეომ“ ჟენევის მოტორ შოუზე კონცეპტუალური კუპე 4C წარადგინა, რომელმაც საუკეთესო შეფასებები მიიღო. მაგრამ გავიდა ორი წელი, სანამ იტალიური კომპანია მას წარმოებისთვის მოამზადებდა. და აი, ისევ ჟენევაში, მის უკვე სერიულ ვერსიასაც ვიხილავთ. ოფიციალურ პრემიერამდ სამი კვირით ადრე კი „ალფა 4C-ს“ ფოტოები და მწირი ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელდა.

კონცეპციიდან სერიულ მოდელამდე ტრანსფორმაციისას, ავტომობილის გარეგნობა თითქმის არ შეცვლილა. განსხვავებულია მხოლოდ წინა ფარების, სარკეების და გაბარიტული ფარების მოყვანილობა. ავტომობილის სიგრძე 4.0 მეტრზე ნაკლებია, სიმაღლე მხოლოდ 1.18 მეტრი, სიგანე კი - 2.0 მეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 2.4 მეტრზე ნაკლებია.


კარბონიზაციის პროცესს არც „ალფა რომეო“ ჩამორჩა, რომელმაც თავისი კომპაქტური კუპეს შასის მზიდი მონოკოკური ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დაამზადა. შასის წინა და უკანა ნაწილები, რომლებზეც საკიდარის ელემენტები და აგრეგატები მაგრდება, ალუმინისგან შექმნილი სივრცული ჩარჩოებია. „ალფა რომეო“ ჯერაც საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას 4C-ს წონაზე, თუმცა ცნობილია, რომ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 4 კილოგრამი 1 ცხენის ძალაზეა.
კომპაქტური კუპე აღჭურვილია „ჯულიეტა კვადროფოლიო ვერდეს“ 1.75-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით. ძრავს აქვს ახალი, ალუმინის ბლოკი და სპეციალურად შემუშავებული შემშვები და გამომშვები კოლექტორები. ძრავს ემსახურება სპეციალურად მისთვის შემუშავებული საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა და გაზმგამანაწილებელი სისტემა მუდმივად ცვალებადი ფაზებით, რომელსაც კომპიუტერი მართავს.


ისევე როგორც კონცეპტუალური ავტომობილი, 4C-საც შუაძრავიანი კონფიგურაცია აქვს. ძრავს ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ნახევრად ავტომატური ტრანსმისია უკავშირდება, რომელსაც როგორც ავტომტურ, ასევე სეკვენტალურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. საფეხურების შესაცვლელი ბერკეტები საჭის რგოლის უკანაა მოთავსებული (როგორც ფ1-ში).
„ალფა 4C“ იმითაცაა საინტერესო, რომ ამ ავტომობილით, მილანური კომპანია ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება. ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, წლიურად მხოლოდ 2 500 ცალი „ალფა 4C-ს“ წარმოება იგეგმება. აქედან 1 000 ცალი ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ამდენივეს ევროპაში დატოვებენ, დანარჩენი კი სხვა ბაზრებზე გავა.

No comments:

Post a Comment