Wednesday, December 19, 2012

ალეზი მრბოლის კარიერას ამთავრებს


Jean Alesi Ends Motorsport Career
19 დეკემბერი
ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, ფრანგმა ჟან ალეზიმ თავისი მრბოლის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ალეზის თავის კარიერაში, ფ1-ში მხოლოდ ერთი რბოლა აქვს მოგებული (კანადა, 1995 წელი), თუმცა პოპულარობით ჩემპიონებსაც კი ედრებოდა.

ფ1-ში ალეზის დებიუტი 1989 წელს შედგა „ტირელ-ფორდის“ ავტომობილით და მან მაშინვე მიიქცია სპეციალისტების ყურადღება. შემდეგ მან „ბენეტონში“, „ზაუბერში“, „ფერარიში“, „პროსტში“ და „ჯორდანში“ იასპარეზა. სულ 1989-2001 წლებში, ალეზიმ 201 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ სტარტი პოულიდან აიღო, 32 რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე, ოთხ რბოლაში კი უსწრაფესი წრე ჰქონდა.
ფ1-ში მან ბოლოს იაპონიის დიდ პრიზზე (ჯორდანით) იასპარეზა და მისი დასრულება ვერ შეძლო. ფ1-დან ალეზიმ DTM-ში (ტურიზმის კლასში გერმანიის ჩემპიონატი) გადაინაცვლა, სადაც 2002-2006 წლებში იასპარეზა. DTM-ში ფრანგი „მერსედესის“ გუნდში იყო და მხოლოდ ოთხი რბოლის მოგება შეძლო. შემდეგ იყო სერია სპიდქარ, ლე მანის 24-საათიანი რბოლა და ბოლოს (გასულ სეზონში) ინდი 500. ამ უკანასკნელზე „ლოტუსის“ ძრავით იასპარეზა, მაგრამ სიმძლავრის ნაკლებობის გამო, თავი ვერაფრით გამოიჩინა.
პირველი წარუმატებლობის შემდეგ, 48 წლის ალეზიმ განაცხადა, რომ ინდი 500-ზე კიდევ ერთხელ ცდიდა ძალებს, თუმცა სპონსორი ვერ მოიზიდა და ამის გამო, რბოლების მიტოვება გადაწყვიტა.

No comments:

Post a Comment