Monday, December 31, 2012

„პეჟო 301“ - წამალი ლომების გლობალური ზრდისთვის


Peugeot 301 to spearhead worldwide growth
31 დეკემბერი
„პეჟოს“ ძნელი დრო აქვს - ფრანგული კომპანია, რომლის კეთილდღეობაც მეტწილად ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული, ფინანსურ კრიზისს განიცდის. ამ კრიზისის დაძლევის უებარ საშუალებად კი მისმა მარკეტოლოგებმა გაყიდვების გლობალიზაცია მიიჩნიეს და ამ მიზნის მისაღწევად, რეორგანიზაციას ატარებენ, რომლის ფარგლებშიც, მანქანების სახელების ახალი სისტემა შეიმუშავეს.

პირველი ავტომობილი კი, რომელიც ახალი სისტემის შესაბამისად მონათლეს, არის კომპაქტური სედანი 301, რომლის წარმოებაც წელს ესპანეთის ქალაქ ვიგოში დაიწყო. კომპანიის 38 წლის მთავარი აღმასრულებელი მაქსიმ პიკა ამ ავტომობილზე დიდ იმედებს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ მის წარმატებაზეა დამოკიდებული „პეჟოს“ მომავალი.

საფრანგეთში „პეჟოს“ ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ძირითადად ევროპულ ბაზარზე მუშაობს. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება. მაგალითად, თუ 2010 წლის მონაცემებით, „პეჟოს“ გაყიდვების მხოლოდ 30 პროცენტამდე მოდიოდა არადასავლეთევროპულ ბაზრებზე, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 42 პროცენტამდე გაიზარდა. და ეს იმის წყალობით, რომ ჩინეთში „პეჟოსა“ და იქაურ კომპანია „დონფენს“ შორის შექმნილი ერთობლივი საწარმო ამოქმედდა. სხვათა შორის, პიკა სწორედ ამ ერთობლივი საწარმოს ყოფილი ხელმძღვანელია.
ახლა კი, როდესაც პიკა მთლიან კომპანიას ჩაუდგა სათავეში, „პეჟოს“ საკმაოდ ამბიციური მიზნები დაუსახა. ამ გეგმის მიხედვით, კომპანიის გლობალურ გაყიდვებში, დასავლეთ ევროპის მიღმა გაყიდვების წილი, 2015 წლამდე 50 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, 2020 წელს კი ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტს უნდა მიაღწიოს.
სედანი 301 მოდელ 208-ს დაგრძელებულსა და გაგანიერებულ პლატფორმაზეა აგებული. მისი სიგრძე 4.4 მეტრს შეადგენს, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.65 მეტრია. ახლახანს მისი გაყიდვები თურქეთში დაიწყო. მალე კი ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთშიც გამოჩნდება. მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნებს „პეჟო“ იმაზე, რომ 301 ჩინეთშიც გაჰყიდოს. და მას აუცილებლად ადგილზევე დაამზადებს.
პიკას საინტერესო სტატისტიკა მოჰყავს: დასავლეთ ევროპაში, 301-ის ზომის სედანებზე, მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 2 პროცენტი მოდის. სამაგიეროდ, ახლო აღმოსავლეთში შესაბამისი წილი 74 პროცენტია, აზიაში 64 პროცენტი, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში კი - 50 პროცენტი. რაც მთავარია, აღნიშნულ ტრენდებს შემცირების არანაირი ნიშანი არ ეტყობა.

No comments:

Post a Comment