Tuesday, December 25, 2012

გასული წლის ყველაზე გამორჩეული 10 კონცეპტუალური ავტომობილი

Top 10 concept vehicles of 2012
25 დეკემბერი
კონცეპტულური ავტომობილები ყოველთვის საინტერესო. ისინი ავტომწარმოებლების მომავლის ხედვას, ახალ იდეებს, დიზაინის განვითარების მიმართულებებს, ახალ ტექნოლოგიებს და ბევრ სხვა საინტერესოს გვაცნობენ. ამასთან, ხსირად ასეთ ავტომობილებს ეგრეთ წოდებულ შოუ სტოპერებადაც იყენებენ - მათი მეშვეობით ხდება ავტოგამოფენების დროს დამთვალიერებელთა მიზიდვა. ისეც ხდება, რომ კონცეპტების სახით, დიზაინერთა და ინჟინერთა მიერ შესრულებულ „თავისუფალ თემებსაც“ ვნახულობთ...
კონცეპტუალური ავტომობილების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით, გასული წელიც გამოჩეული იყო... ზოგი მათგანი ისეთია, პირდაპირ კონვეიერზე, დაყენებას ითხოვს, ზოგი არარეალური, ზოგიც ფანტასტიკის სამყაროში გამოგზაურებთ. ზოგი უბრალოდ, კონცეპციაა, რომლის შემქმნელებსაც უბრალოდ ხელები ექავებოდათ და წაივარჯიშეს. ალბათ, ურიგო არ იქნება, მათგან ყველაზე გამორჩეულებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.

ლამბორგინი ავენტადორ J
რა თქმა უნდა, ყველაზე გამორჩეული „ლამბორგინის“ კონცეპტუალური როდსტერი „ავენტადორ J-ა“, ღია ავტომობილი, რომელსაც საქარე შუშის ნაცვლად, პატარა ჰაერამრიდები აქვს. ამ ავტომობილის პრემიერას წინ დიდი აჟიოტაჟი უძღოდა. იტალიურმა კომპანიამ ფოტო და ვიდეო ტიზერებითაც კი, წინდაწინ გააღვივა საზოგადოების ინტერესი.
საერთოდ, სახელი „ლამბორგინიც“ კი კმარა იმისათვის, რომ ავტომოყვარულები დაინტერესდნენ. ამ სახელის მატარებელი ავტომობილები ყოველთვის გაბრაზებული იერით გამოირჩევა. „ავენტადორ J“ კი ყველასგან განსხვავებულია - ის აგრესიულიცაა და ელეგანტურიც. და ისედაც სასურველი „ავენტადორის“ ფორმები, ამ კონცეპტზე კიდევ უფრო გამოიკვეთა.
„ავენტადორ J“ ჟენევის გამოფენაზე გვაჩვენეს და იქვე გამოაცხადეს, რომ მთელს მსოფლიოში, ამ ავტომობილს მხოლოდ ერთი ბედნიერი მფლობელი ეყოლება. ოღონდ, მას ჯერ 2.75 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს...

„მერსედეს-ბენც ენერ G-ფორსი“
უგზოობის კონცეპტებში, რა თქმა უნდა, ბადალს ვერ ვუპოვნით „მერსედეს-ბენცის“ სპარტანელ „ენერ G-ფორსს“, რომელზეც ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე თქვეს, რომ მომავალი G-კლასის წინამორბედია. სამქიმიანებმა კი დააკონკრეტეს, რომ ამ კონცეპციის ბევრ ელემენტს სწორედ მომავალ G-კლასზე ვიხილავთ. ოღონდ, არა მთლიანად ავტომობილს და არც მის „შერბილებულ“ ვერსიად.
ეს კონცეპტი ჯერ მხოლოდ მულაჟია, არ დადის. მაგრამ შტუტგარტელებს მის განმარტებაში უწერიათ, რომ ის წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებში გამომუშავებული ელექტროენერგიითაც, ოთხი ელექტროძრავი საზრდოობს, რომლებიც ბორბლებში მოთავსდება.მოკლედ, ამერიკელები ბრუტალურ „ჰამერს“ აღარ აწარმოებენ და ახლა ასეთ მონსტრს გერმანელები გვთავაზობენ. ოღონდ, ჯერ მხოლოდ საპატრულო დანიშნულებით...


პეჟო ონიქსი
ფრანგული კომპანია ძირითადად პატარა და საშუალო ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. და სკუტერებსაც უშვებს. სუპერ ავტომობილები, „ფრანგული ლომების“ საქმე არაა. ჯერჯერობით მაინც. პარიზის მოტორ შოუზე კი მათ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ონიქსი“ წარადგინეს.
ჰიბრიდული დანადგარით, რომელიც თუნდაც 600 ცხენის ძალას იძლევა, დღეს ვერავის გააკვირვებ. დახვეწილი ფორმებითაც ყოველი მეორე კომპანიის ექსპონატები იწონებენ თავს. სამაგიეროდ, ბევრ სუპერ ავტომობილს არ ჰყავს ტყუპისცალი სკუტერი. კარბონის კომპოზიტსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ აამხოლოდ კონცეპტუალური, არამედ სერიული წარმოების ავტომობილებზეც და მალე ამ მასალას მასობრივ წარმოებაშიც დანერგავენ.

სამაგიეროდ, ვერავინ გაიხსენებს ავტომობილს, რომელსაც სპილენძის ფურცლისგან დამზადებული ფრთები და კარები აქვს. სალონში კი დეტალების უმეტესობა გადამუშავებული ქაღალდისგანაა შექმნილი. თანაც, არ გეგონოთ, რომ ინტერიერი პაპიე-მაშეა და ნაზად უნდა მოექცე, რომ არ დააზიანო...



ფოლკსვაგენ ჰოვერ ქარ

ეს ჯერჯერობით არარეალური, ვირტუალური ავტომობილია, რომელიც შესაძლოა მომავალში სრულიად რეალურ სატრანსპორტო საშუალებად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, „ფოლკსვაგენის“ მიერ ჩინეთში ჩატარებულ კონკურს „სახალხო ავტომობილის პროექტის“ ერთ-ერთ მონაწილეს, მომავლის ავტოტრანსპორტი ასე წარმოუდგენია.
გერმანულ კომპანიაში ეს პროექტი იმდენად მოეწონათ, რომ მოლივლივე ავტომობილის თემაზე სპეციალური ვიდეოც კი შექმნეს. ავტომობილი ჰაერშია გამოკიდებული და მოძრაობის დროსაც ჰაერში „დაცურავს“. მას საჭირო მიმართულებით უხილავი ძალა, სავარაუდოდ, ელექტრომაგნიტური ველი მიაქანებს...

ლექსუს LF-LC

ეს ავტომობილი პირველად დეტროიტის მოტორ შუზე ვნახეთ. მაშინ იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მისი წარმოება არ იგეგმება. ამის მიუხედავად, „ლექსუსმა“ ის ლამის ყველა დიდ საავტომობილო შოუზე გამოფინა. მერე კი გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ LF-LC მალე სუპერ ავტომობილების ელიტარულ კლუბში ჩაეწერება. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გაუმხილა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, იაპონური კომპანიის ეს გადაწყვეტილება, მისმა დილერებმა და დისტრიბუტორებმა განაპირობეს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მსგავს ავტომობილს. ესეც რომ არა, მარკეტოლოგები თვლიან, რომ სუპერ ავტომობილის არქონით, „ტოიოტას“ ლუქს ბრენდის იმიჯი ძლიერ ზარალობს.

ნებისმიერ შემთხვევაში, LF-LC-ს სერიული ვერსიის გამოჩენა მალე არაა მოსალოდნელი. ამასთან, დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ჰიბრიდული დანადგარით გამოუშვებენ. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებს ამის მაგალითს „ფერარი“, „მაკლარენი“ და „პორშე“ აძლევენ...

მორგან პლუს E
ბრიტანული კომპანია „მორგანი“ თავისი ძველ სტილში შესრულებული ავტომობილებით გამოირჩევა. ახლაც კი უშვებს სამბორბლიან სპორტქარს, რომელიც კომპანიის ერთგვარი სამარკო ნიშანია. ეს ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა მსოფლიოში - 1910 წლიდან მუაობს. დღესაც მის ფაბრიკაში ავტომობილებს ხელით აწყობენ. მოკლედ, ბევრი რამით, სახელი „მორგანი“ არქაიზმის განსახიერებაა.
თუმცა, მალე ეს იმიჯი შეიცვლება. ამის პირველი ნიშანი კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, ელექტრომობილის სახით, რომელზეც მის ინჟინრებთან ერთად, ძრავების წარმოებაზე სპეციალიზებულ კომპანია „ციტეკის“ სპეცებმაც იმუშავეს. ელექტრომობილს „მორგან პლუს E“ ჰქვია და მისი გამორჩეული თავისებურება ისაა, რომ ელექტროძრავთან, 5-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული.
„ციტეკის“ საინჟინრო პროგრამის მენეჯერი ნილ ჩიზმანი ამბობს, რომ ასეთი ტრანსმისიის მეშვეობით, ელექტრომობილს უკეთესი აჩქარება ექნება, რაც ადრენალინის მოყვარულებს, ამ ელექტრომობილისადმი დადებითად განაწყობს.

მერსედეს-ბენც SLS AMG ელექტრიკ დრაივ
თავი დავანებოთ იმას, რომ ამ ავტომობილს უჩვეულო ფერი და ელექტრონული ძალური დანადგარი გამოარჩევს. ის ისედაც რჩეულთა ელიტ-კლუბის წევრია. მაგრამ პარიზის მოტორ შოუზე ისიც გავიგეთ, რომ ეს ყველაზე მძლავრი ავტომობილია, რომელიც კი ოდესმე სპორტული და სარბოლი ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ AMG-ს შეუქმნია.
ამ ავტომობილს ოთხი ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც ბორბლებთანაა განლაგებული და რომელთა ჯამური სიმძლავრეც 740 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1000 ნიუტონმეტრი. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ამ ლურჯად მოლაჟვარდე მონსტრმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.9 წამში აკრიფოს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის მხოლოდ 250 კმ/სთ-ია, რადგან ხელოვნურადაა შეზღუდული (ენერგიის ეკონოომიისთვის). ელექტროძრავებს ენერგიით ელემენტების ბლოკი უზრუნველყოფს, რომლის ტევადობაც 60 კილოვატსაათია და რომელიც 548 კილოგრამს იწონის.
ელექტრული „მერსედეს SLS AMG-ს“ ფასი 416 500 ევროა, რაც თითქმის ორჯერ მეტია შიდაწვისძრავიანი „SLS AMG GT კუპეს“ ფასზე.


მაკლარენ P1

ამ ავტომობილს ავტო გურმანები, კოლექციონერები და უბრალოდ, ძალიან ძვირი სუპერ ავტომობილების მუშტარი დიდხანს ელოდა. ყველას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა ლეგენდარული F1-ის შთამომავალი და იმ კომპანიის ფლაგმანი, რომელმაც „ფერარისთან“ კონკურენცია ფორმულა ერთში დაიწყო და ახლა საგზაო ავტომობილების სეგმენტშიც ეჯიბრება.
მალე ამ სეგმენტში ყველა დინოზავრი მოიყრის თავს. პირველი „ლამბორგინი ავენტადორია“, მეორე ალბათ „მაკლარენ P1“ იქნება, მას კი „ფერარი F70“ და „პორშე 918“ მოჰყვებიან. „ლამბოს“გარდა, ყველა ჰიბრიდული დანადგარითაა აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ყველა ბრენდს თავისი ფანი ჰყავს, მაგრამ არ ღირს, ამ ავტომობილებს შორის საუკეთესოს ძიება. ისინი უბრალოდ, შედევრებია!
„მაკლარენმა“ კონცეპტუალური P1 ახლახანს ნიუ იორკში, დახურულ ჩვენებაზეც წარადგინა, სადაც თავის რჩეულ კლიენტებს აუწყა, რომ სერიული ავტომობილი, კონცეპტუალურისგან მინიმალურად განსხვავებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში, 3.8-ლიტრიან ტურბო V8 ძრავთან ერთად, სისტემა კერს-ია გაერთიანებული, მისი ჯამური სიმძლავრე კი 720 ცხენის ძალაა.

ბეემვე Z4 ძაგატო
ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილმა კონცეპტუალურმა კუპემ, ჯერ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსის მონაწილენი და დამსწრეები მოხიბლა, შემდეგ კი, მისმა ღია ვერსიამ, ოვაციები პებლ ბიჩის (აშშ, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზეც დაიმსახურა. ის არის გერმანული ინჟინერიისა და იტალიური დახვეწილი სტილის საუკეთესო კომბინაცია. საინტერესოა, რომ ეს იტალიური სტილი ამჯერად იაპონელ ნორიჰიკო ჰარადას შემოქმედებაა, ვინც ამჟამად „ძაგატოს“ მთავარი დიზაინერია.
საინტერესოა ისიც, რომ ამ ავტომობილს ტესტების სრული სერია აქვს გავლილი და წარმოებისთვისაც ფაქტობრივად მზადაა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბავარიელებმა მისი ამ სახით გამოშვება გადაწყვიტონ - „Z4 ძაგატოს“ გარეგნობა, მათს კორპორატიულ სტილს არ შეესაბამება.


ალფა რომეო დისკო ვოლანტე
მილანურმა სადიზაინო სტუდია „კაროცერია ტურინგმა“, 60 წლის წინათ, „ალფა რომეოსთვის“ ავტომობილი, სახელად „დისკო ვოლანტე“ (მფრინავი თეფში) შექმნა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. სტუდიის დამაარსებელ ფელიჩე ბიანკი ანდერლონის, მაშინ დევიზად დაუსახავს: „წონა მტერია, ჰაერი კი - წინააღმდეგობა“. და ეს ფილოსოფია, „ალფა 1900-ის“ ბაზაზე შექმნილ ავტომობილში ჩააქსოვა.
ამ ავტომობილის შექმნიდან 60 წლის შემდეგ კი, კომპანია „ტურინგ სუპერლეგერამ“ შეიმუშავა და ჟენევაში გამოფინა კონცეპტუალური ავტომობილი „დისკო ვოლანტე 2012“, რომელიც ძველ ავტომობილს მოგაგონებთ (ემბლემაც კი ალფა რომეოსი ამშვენებს) და მის მსგავსად, ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება.
ეს არის ორადგილიანი კუპე, ძრავის წინა-ცენტრალური (წინა ღერძის უკან) განლაგებით და განივი ტრანსმისიით. ახალი „მფრინავი თეფში“ (დისკო ვოლანტე სწორედ მფრინავ თეფშს ნიშნავს) ძველის შთაგონებითაა შექმნილი. მათს პროპორციებში ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი აეროდინამიკურად გაცილებით გამართულია და ესთეტიურად დახვეწილი. და, ისევე როგორც პირველი „დისკო ვოლანტე“, ახალიც „ალფა რომეოს“ სერიულ მოდელზეა ბაზირებული.
„დისკო ვოლანტე“ კონცეპტუალური ავტომობილი კია, მაგრამ „კაროცერია ტურინგი“ მის გამოშვებას (თავისი ემბლემით) გეგმავს. წარმოების მოცულობა, შეკვეთებზე იქნება დამოკიდებული. სამწუხაროდ, ავტომობილის ძარა თითქმის მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული, რაც ბევრ დროს მოითხოვს. ამიტომ, მყიდველი სასურველ ავტომობილს, შეკვეთიდან 8 თვის შემდეგ მიიღებს.

No comments:

Post a Comment