Tuesday, December 1, 2015

„ლამბორგინიმ“ სახელ „ეგოისტაზე“ პატენტი აიღო

Lamborghini Trademarks 'Egoista
1 დეკემბერი
„სტელსის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის სტილში შესრულებული კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ეგოისტა“, „ლამბორგინიმ“ 2013 წელს შექმნა და ის თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. ეს არის ყველაზე გიჟური ავტომობილი მათ შორის, რაც კი ადამიანს ოდესმე შეუქმნია. და ალბათ ბევრისთვის სასურველი. მაგრამ აქამდე, სანტ’აგატა ბოლონეზელები მის წარმოებას არ აპირებდნენ და რამდენიმე გამოფენაზე მისი წარდგენის შემდეგ, საკუთარ მუზეუმში დააბინავეს.
მაგრამ მალე შეიძლება მათი გადაწყვეტილება შეიცვალოს. ამ ვარაუდის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ ახლახანს, „ლამბორგინიმ“ სახელი „ეგოისტა“ დააპატენტა. საპატენტო ცნობაში აღნიშნულია, რომ იტალიურ კომპანიას სახელი „ეგოისტა“ ავტომობილების და სატრანსპორტო საშუალებათა გრაფაში აქვს რეგისტრირებული, რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ „ეგოისტას“ სახელით მყიდველს მალე ახალ ავტომობილს შესთავაზებენ.
მაგრამ ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ავტომწარმოებლები ანათუიმ სახელს მხოლოდ იმისთვის აპატენტებენ, რათა ის სხვებმა არ გამოიყენონ. მაგრამ შესაძლოა, „ლამბორგინიმ“ თავის კონცეპტზე იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღო, რომ მისი წარმოება მართლაც ჩაიფიქრა. თუ მართლაც ასეა, მაშინ „ეგოისტა“ ძალიან შეზღუდული ტირაჟით დამზადდება და უსაშველოდ ძვირი ეღირება.
„ლამბორგინის“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით ავტომობილები ხშირად გამოუშვია. ასეთებია „ვენენო“ და „ვენენო როდსტერი“, „სესტო ელემენტო“ და „რევენტონი“ და „რევენტონ როდსტერი“. რაც შეეხება კონცეპტ „ეგოისტას“, ის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას იძლევა. ამ ძრავს „ლამბო“ მოდელ „ურაკანზე“ იყენებს.

No comments:

Post a Comment