Saturday, December 12, 2015

ავსტრალიელები სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ

Australia Aims for World Speed Record with Aussie Invader 5R
12 დეკემბერი
ავსტრალიის ქალაქ პერტში ბაზირებულ გუნდ „ოზი ინვეიდერს“ (ავსტრალიელი დამპყრობელი), ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დამყარება აქვს გადაწყვეტილი. მისი მიზანი 1600 კმ/სთ სიჩქარის მიღწევაა. უფრო მეტიც, ადგილიდან 1600 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მათს სარბოლო ავტომობილს, რომელიც სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი, სულ რაღაც, 20 წამი უნდა ეყოს. გუნდს ავსტრალიის სიჩქარის რეკორდის მფლობელი, როსკო მაკგლაშენი ხელმძღვანელობს და ვინც ასევე სარეკორდ ავტომობილის პილოტიც იქნება. რეკორდის დამყარება მომავალ წელს იგეგმება.
რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა ძალიან ძნელია. სარეკორდო ავტომობილს და მის ცალკეულ ნაწილებს, წარმოუდგენელი დატვირთვების გაძლება მოუწევს. ამიტომ, მის კონსტრუქციაში არაერთი იშვიათი მასალაა გამოყენებული. მაგალითად, ბორბლები ალუმინის იმ იშვიათი შენადნობისგან არის დამზადებული, რომელსაც აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში იყენებენ. ყოველი მათგანი 140 კილოგრამს იწონის. ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათმა კონსტრუქციამ, მაქსიმალურ სიჩქარეზე, წუთში 10 000 ბრუნს უნდა გაუძლოს.
სარეკორდო ავტომობილის აგება 4 მილიონი დოლარი დაჯდა. ავსტრალიურ გუნდს ამ საქმეში აეროდინამიკის, საინჟინრო საქმის, სარაკეტო საქმის სპეციალისტები ეხმრებოდნენ. შედარებისთვის, „ოზი ინვეიდერის“ მთავარ კონკურენტს ბრიტანეთიდან, გუნდ „ბლადჰაუნდს“ თავისი სარეკორდო ავტომობილის დამზადება ათეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა.
„ოზი ინვეიდერის“ პროექტი და მისი ცალკეული ნაწილები, კომპიუტერული პროექტირების (CAD და CFD) გამოყენებით შემუშავდა. კომპიუტერითვე ჩატარდა პირველადი ტესტები. ამის წყალობით, სოლიდური ფულადი სახსრები დაიზოგა. სარბოლო ავტომობილის სრული სახელია „ოზი ინვეიდერ 5R“. მისი სიგრძე თითქმის 16 მეტრია. მის ის სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავად წყალბადის ზეჟანგსა და ნავთს იყენებს. საწვავის წონა 9.2 ტონას აღწევს. ძრავის სიმძლავრე 200 000 ცხენის ძალაა და ის 25 წამში დაახლოებით 2.8 ტონა საწვავს მოიხმარს.
საინტერესოა, რომ როცა ავტომობილი სასურველ სიჩქარეს მიაღწევს, ძრავმა ეტაპობრივად უნდა შეამციროს სიმძლავრე. წინაღმდეგ შემთხვევაში, პილოტიც და სარბოლო ავტომობილიც, წარმოუდგენლად მაღალი გადატვირთვის ქვეშ აღმოჩნდებიან.
ჯერჯერობით უცნობია ადგილი, სადაც „ოზი ინვეიდერი“ რეკორდის დამყარებას ეცდბა. შესაბამისი ადგილის ძიება კვლავ გრძელდება. ცნობილია, რომ სარეკორდო გარბენსა და უსაფრთხო შენელებას 27 კილომეტრი სჭირდება. და რა თქმა უნდა, გზა უნდა იყოს იდეალურად სწორი და სუფთა. საერთოდ, ასეთი სიჩქარეების მისაღწევად, დამშრალი ტბების მარილიან ფსკერს იყენებენ ხოლმე.

No comments:

Post a Comment