Wednesday, December 9, 2015

ბადრი ქორიძის ლომგული „ზაპია“

9 დეკემბერი
გულახდილად თქვით, რამდენს გიოცნებიათ, რომ „ჭიჭიკოთი“, ან „ზაპიათი“ „ბეემვესა“ და „მერსედესისთვის“ გაგესწროთ? დათვლა საჭირო არაა, მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ მსგავს ოინბაზობაზე ბევრს უფიქრია. ალბათ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბადრი ქორიძეა, რომელმაც თავის ოცნებას ფრთები შეასხა და ახლა თავისი „სუპერ ზაპოროჟეცით“ რბოლებში მონაწილეობს. უფრო მეტიც, არაერთი ჯილდოს მოპოვებაც კი მოახერხა.
ავტომობილი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, აღარაა ის უწყინარი მანქანა, რომელსაც უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში, წლების განმავლობაში აწარმოებდნენ. მისგან მხოლოდ მზიდი სტრუქტურა და ძარა დარჩა. შიგნით კი სრულიად შეიცვალა. უფრო სწორედ, ჩვენმა გმირმა შეცვალა, რისთვისაც სხვა დონორი ავტომობილის ნაწილების გარდა, თავისი გამოცდილება და დიდი მონდომება გამოიყენა.
ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო იმ უწყინარი სათამაშოებით და მასშტაბური მოდელებით, რომლებიც პატარა ბიჭებს ყოველთვის ხიბლავენ და ზოგის აზროვნებას მცირე ასაკიდანვე აყალიბებენ, როგორც ეს ბადრის შემთხვევაში მოხდა. მას ბავშვობიდან გაუჩნდა იმის სურვილი, რომ თავად დაემზადებინა ავტომობილი. რა თქმა უნდა, თავიდან ეს აუსრულებელ ოცნებად ჩანდა, თუმცა ცოდნამ და გამოცდილებამ, თავდაჯერება და სურვილის ასრულების რეალური შანსი გააჩინა. და მანაც ეს შანსი გამოიყენა. და თუ ბავშვობაში ონავარს ბევრი სათამაშო ავტო შეეწირა, ახლა თავად დაამზადა დიდი ბიჭების სათამაშო ოთხბორბალა და ახლავე უნდა გითხრათ, რომ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს!
შეიძლება ვინმემ ქორიძის მიერ შექმნილ ავტომობილს რამე დაუწუნოს, რისი საბაბიც ბევრია, ეს თავად პროექტის ავტორმაც იცის. მაგრამ როცა საშუალებები შეზღუდულია, შესაძლებლით დაკმაყოფილება გიწევს. და რაც მთავარია, ბადრის შრომის შედეგზე, მისი „ბედაურის“ მიღწევებიც მეტყველებს, რომელთა შორისაც, წყვილთა რბოლების მოყვარულთა კლასში მოპოვებული ოთხი გამარჯვებაა!
ერთხელ მოხდა ისე, რომ ბადრიმ ძველი „ზაპოროჟეცი“ შეიძინა, ოღონდ მაშინ არც უფიქრია იმაზე, რომ ეს რთული საქმე, როგორც თვითონ ამბობს, „ზაპოს სტეროიდებზე გადაყვანა“, წამოეწყო. მაგრამ შემდეგ, შემთხვევით წააწყდა ვიდეოფილმს, რომელიც უკრაინაში აწყობილი, 600-ცხენისძალიანი (!) „ზაპოროჟეცის“ შესახებ იყო გადაღებული. და ეს გახდა ახალი ისტორიის დასაწყისი, რომლის შედეგადაც, „ზაპოს“ქართული ვერსია იშვა.
ბადრიმ დონორ ავტომობილად „ოპელ კალიბრა“ შეარჩია, რაც ფინანსების ნაკლებობამ განაპირობა. მისგან აიღო 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. „ზაპოროჟეცს“ ისედაც ძრავი უკან აქვს განლაგებული და ბადრიმაც ეს შეთანწყობა დატოვა. დონორი ავტომობილისგან მხოლოდ საჭის მექანიზმი არ გამოიყენა. ავტომობილის წინა დაკიდების სისტემაც „ოპელისგან“ არის აღებული, ოღონდ, რა თქმა უნდა, ძრავის გარეშე.
მუხრუჭების სისტემა ვაკუუმზეა, დისკოები ვენტილირებადი. საერთო ჯამში, ბადრიმ საკიდარი დაადაბლა, დრეკადი სისტემა კი, მიუხედავად იმისა, რომ „ზაპოროჟეცი“ „კალიბრაზე“ გაცილებით მსუბუქია, გაახისტა. ეს იმ გათვლით გააკეთა, რომ მაღალ სიჩქარეზე ავტომობილი უფრო მდგრადი ყოფილიყო. მანქანის უკანა ნაწილში ჩადუღებულია დიფერენციალი, რომლის ბლოკირების სისტემით აღჭურვაც ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან ძვირი ჯდებოდა.
პროექტზე მუშაობისას, ბადრიმ დიდი ყურადღება დაუთმო უსაფრთხოებას. ავტომობილი უსაფრთხოების სერტიფიცირებული კარკასით (OMP-ს წარმოების) აღიჭურვა. სავარძლები ანატომიურია, იმავე OMP-ს წარმოების, უსაფრთხოების ღვედები კი - „სპარკოს“ წარმოებისაა, ოთხწერტილოვანი. გარეგნულად ავტომობილი მინიმალურად არის შეცვლილი. და შეიძლება ითქვას, არ ბადებს იმის ეჭვს, რომ მის კაპოტქვეშ (პირობითად რომ ვთქვათ) არა 39 ცხენია თავმოყრილი, არამედ ამაზე თითქმის ოთხჯერ მეტი. რა თქმა უნდა, რუსთავის ავტოდრომზე, სადაც ბადრი თავისი ბედაურით ასპარეზობს ხოლმე, უკვე ყველამ იცის, რა მხეცის გამოსვლასაც ადევნებს თვალს. სხვათა შორის, ბადრი ქორიძე და მისი ლომგული „ზაპო“ რბოლებში სტატსტები სულაც არ არიან - ოთხი რბოლა აქვთ მოგებული. არადა, პირველად რომ სტარტზე დადგნენ, ბევრს ეს სასაცილოდაც არ ეყო. თუმცა ძალიან მალე ყველაფერი საპირისპიროთი შეიცვალა.
ახლა კი წარმოიდგინეთ ამ რბოლების ის მოზარდი მაყურებელი, რომელმაც პატარა „ზაპოროჟეცის“ წარმატებები იხილა. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგანი, პროფესიის არჩევისას, სწორედ ამ ავტომობილის შთაგონებით მიიღებს გადაწყვეტილებას და მომავალში შედევრების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას...

No comments:

Post a Comment