Monday, December 21, 2015

„ჯანარელი დიზაინ-1“ – „კობრას“ იდეური შთამომავალი ემირატებიდან

21 დეკემბერი
„ჯანარელი“ - ჟღერს იტალიურად, მაგრამ არის არაბული დამწყები კომპანია ემირატებიდან, რომელიც მალე სუპერ ავტომობილ „დიზაინ-1’ის“ წარმოებას დაიწყებს. ღია ორადგილიანი ავტომობილი გარეგნულად ლეგენდარულ „AC კობრას“ ჰგავს და ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. კომპანია შეკვეთებზე იმუშავებს. ყოველი ავტომობილი ხელით აეწყობა და თითოს დამზადებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.
ახალი კომპანია, საავტომობილო დიზაინერმა ენტონი ჯანარელიმ, დუბაიში მცხოვრებ ფრანგ ფრედრიკ ჟიუოსთან ერთად დააარსა. ჟიუოს დუბაიში კიდევ ერთი ფირმა აქვს, რომელიც იახტებს აწარმოებს და ამისათვის, ფართოდ იყენებს კომპოზიციურ მასალებს. ჯანარელი კი პარალელურად, ლივანურ კომპანია „W მოტორსის“ მთავარი დიზაინერია, რომელსაც პირველ არაბულ სუპერ ავტომობილის მწარმოებლად მოიხსენიებენ.
ჟიუო და ჯანერელი არ მალავენ, რომ მათი კომპანიის მიზანი, 1960-იანი წლების სტილის მქონე სუპერ ავტომობილების წარმოებაა. მათი პირველი ავტომობილი, სახელად „დიზაინ-1“, ძლიერ ჰგავს ლეგენდარულ „კობრას“ და მასავით, ფოლადის მილებისა და ალუმინის ფურცლებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზეა ბაზირებული. ძარის ელემენტები კი კარბონის და შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან დამზადდა.
რეტრო როდსტერის სიგრძე 3860 მილიმეტრია, სიგანე 1840 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2425 მილიმეტრი. მსუბუქი კონსტრუქციის წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 710 კილოგრამს იწონის. ძრავი კაბინის უკან არის მოთავსებული. ეს არის „ნისანის“ წარმოების 3.5-ლიტრიანი V6, რომელიც 304 ცხენის ძალას და 371 ნიუტონმეტრს იძლევა. მასთან წყვილში კი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომლის მიერ გადამუშავებული მამოძრავებელი ძალაც, უკან ბორბლებს გადაეცემა. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ია.

„ჯანარელი“ მხოლოდ 30 ცალი როდსტერის გამოშვებას აპირებს, თითოეულის საბაზისო ფასი 55 000 დოლარია. ავტომობილის მიწოდება ზაფხულში დაიწყება.

No comments:

Post a Comment